(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა.
„შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
„როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა.
„ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.