კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ასეთია თბილისის მერობის კანდიდატების სავარაუდო ოთხეული. თითქმის ყველა ექსპერტის "პოლიტიკურ ტოტალიზატორში" ფსონები სწორედ ასეა გადანაწილებული. უჭირთ მეხუთე კანდიდატის დასახელება, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. იქნება თუ არა და თუ იქნება, ვინ გავა მეორე ტურში - დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევით, სასწორის პინა ელისაშვილისკენ იხრება, თუმცა შედეგი 21 ოქტომბერს გამოჩნდება.
მანამდე კი "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა და შემოგთავაზებთ ანალიტიკოსების პროგნოზს თბილისის მერობის პირველ ხუთეულსა და მოსალოდნელ მეორე ტურზე.
გია ხუხაშვილი: "საერთოდ, პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ ტენდენცია როგორც ვითარდება იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავრაუდოდ, ხუთეული ასე გამოიყურება: კახი კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია და შემდეგ რამდენიმე კანდიდატი მცირე შედეგით. მათ შორის არიან კუკავა, ინაშვილი და შეიძლება კიდევ სხვა.
"მთავარი ინტრიგა ისაა, შედგება თუ არა საერთოდ მეორე ტური. მეორე ტური თუ გაიმართა და გავიდა ელისაშვილი, შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას სახელისუფლო კანდიდატს. უდუმაშვილის შემთხვევაში შედარებით იოლად გამოვა. ჩემი პროგნოზით კი, მეორე ტურში, დიდი ალბათობით, ხმები საკმაოდ დაქსაქსული იქნება. "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც კახი კალაძე წარადგინა მერობის კანდიდატად. ამას სჯობდა, საერთოდ ნულოვანი კანდიდატი წამოეყენებინათ, რომელსაც შეიძლება არ ჰქონოდა რეიტინგი, მაგრამ არც ხალხი ყოფილიყო უარყოფითად განწყობილი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ანალოგიურ პროგნოზს გამოთქვამენ ექსპერტები ხათუნა ლაგაზიძე, გია ნოდია და ვახტანგ ძაბირაძე. ხშირად განსხვავებული მოსაზრების მიუხედვად, დღეს კანდიდატებთან დაკავშირებით მათი აზრები ემთხვევა.
ვახტანგ ძაბირაძე: "კალაძე, ელისაშვილი, უდუმაშვილი, ხოშტარია. მეხუთე კანდიდატთან დაკავშირებით გამიჭირდება პროგნოზი. უფრო ოთხეულს ვხედავ, ვიდრე ხუთეულს - მეხუთე ვინ იქნება, ნამდვილად არ ვიცი. მეორე ტური ალბათ იქნება და, ჩემი აზრით, კალაძის წინააღმდეგ ელისაშვილი იბრძოლებს."
ხათუნა ლაგაზიძე: "პირველზე კალაძეა, მეორე ადგილზე გასვლის თითქმის თანაბარი შანსი აქვთ ალეკო ელისაშვილს და ზაალ უდუმაშვილს, ამიტომ ამათგან კონკრეტულად ვინ იქნება, გამიჭირდება თქმა. შემდეგ მოსდევს ელენე ხოშტარია, სხვებზე ვერაფერს გეტყვით. დანარჩენები ვერ ხვდებიან საპატიო 2%-შიც კი. მაგრამ ამათგან შედარებით მაღალი შანსი აქვს ვაშაძეს. მეორე ტური დღვანდელი გადასახედიდან იქნება, თუ რაიმე არ დადგა "ოცნებამ" ან "ნაციონალურმა მოძრაობამ".
კანდიდატების ხუთეულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმისაგან პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ თავი შეიკავა. რაც შეეხება მეორე ტურს, ამბობს, რომ შესაძლოა, არც გაიმართოს და კალაძემ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს.
სოსო ცინცაძე: "ეს მკითხაობაა, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. არ არის გამორიცხული, მეორე ტური არ გაიმართოს, ვინაიდან ნარმანიასთვის პროგრამა მაქსიმუმი იყო გამარჯვება, კალაძე კი ტრიუმფალურ გამარჯვებას აპირებს და ეს მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც შეიმჩნევა. უფრო მასშტაბურია, ვიდრე ნარმანიას კამპანია იყო," - ამბობს ცინცაძე.
გია ნოდია: "ჩემი პროგნოზით, თბილისის მერობის კანდიდატების პირველი ხუთეული ასეთია: კახი კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია და ირმა ინაშვილი. მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება, თუმცა ვისა და ვის შორის, არ ვიცი, მიჭირს პროგნოზი."