თიკო ოსმანოვა
14.10.2017

 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლს მხოლოდ 2 ტელეკომპანია ჩაატარებს - "რუსთავი 2" და "იმედი". საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წელს ტრადიციას უღალატა და ეგზიტპოლის ჩატარებაზე უარი თქვა. შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8 საათზე გამოქვეყნდება და არ არის გამორიცხული, მკვეთრად განსხვავებული მონაცემები დაიდოს.

არჩევნების დღეს თბილისსა და ქუთაისში ეგზიტპოლებს "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ამერიკული კომპანია "ედისონ რისერჩი" ჩაატარებს. "რუსთავი 2"-ის ცნობით, "ედისონ რისერჩი" ამერიკაში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ეგზიტპოლებს წამყვანი ტელეკომპანიებისთვის, უკვე 13 წელია, უცვლელად ატარებს.

საერთაშორისო გამოცდილების პარალელურად, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლები 2010 და 2012 წლების არჩევნებზე უკვე ჩაატარა.

მაგალითად, ამ ორგანიზაციის მიერ 2010 წელს ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 61% მოიპოვა, ოფიციალური შედეგით კი მაშინ უგულავამ 55% აიღო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე კომპანიის ეგზიტპოლით "ქართულმა ოცნებამ" - ხმების 51%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 41% მიიღო. ოფიციალური შედეგი კი ასეთი იყო: "ოცნება" - 55%, "ნაცმოძრაობა" - 40%.

წინასაარჩევნო კვლევა, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, "ედისონ რისერჩმა" თბილისში წელსაც ჩაატარა და მისი შედეგი ასეთია: კახი კალაძე - 34%, ზაალ უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14%, ელენე ხოშტარია - 5%, ირმა ინაშვილი - 2%.

ჯერჯერობით უცნობია, "იმედმა" რომელ კომპანიას დაუკვეთა ეგზიტპოლის ჩატარება. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნანა ლეჟავას თქმით, ამასთან დაკავშირებით დეტალებზე მომავალ კვირას ისაუბრებს, მანამდე კი "რეზონანსთან" კომენტარისგან თავი შეიკავა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში განაცხადეს, რომ წელს ეგზიტპოლის ჩატარებას აღარ აპირებენ. ტელეკომპანია "მაესტრო" კი "იმედის" ჰოლდინგშია და, შესაბამისად, ცალკე ეგზიტპოლს არ ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ტელეკომპანიები ეგზიტპოლს ყველა არჩევნების დროს ატარებენ. გამონაკლისი არც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. მაგრამ შარშან 2 ეგზიტპოლი ჩატარდა და ორივე კომპანიამ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები დადო.

კომპანია "თი-ენ-ესს" ეგზიტპოლი შარშან ერთობლივად დაუკვეთეს "იმედმა", "ჯიდიესმა", "მაესტრომ" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ამ კვლევის მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" - 53,8% "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 19,5% მიიღო.

რაც შეეხება შარშან "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, რომელიც კომპანია "ჯიეფკეიმ" ჩაატარა, მათ ასეთი შედეგი დადეს - "ქართული ოცნება" - 39,9%, "ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%.

ცესკოს ოფიციალური შედეგით კი, შარშან მმართველმა ძალამ - 48,68%, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27,11% აიღო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, წინა წლისგან განსხვავებით, წელს ტელეკომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას არ ელოდება.

"ჩვენი სინამდვილიდან გამომდინარე, მაინცდამაინც ვერ ვიტყვი, რომ ეგზიტპოლები რაღაც მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მისი ჩატარება აუცილებელია.

"რადგან 2 ტელეკომპანია ატარებს, არ მგონია, შედეგებს შორის კატასტროფული სხვაობა იყოს. რეალურთან რამდენად ახლოს იქნება, ეს მეორე საკითხია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.

სოციოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, საქართველოში "ეგზიტპოლების ომი", შესაძლოა, დასრულდეს. ამის თქმის საფუძველს მას ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვა აძლევს.

"ეგზიტპოლები, ტრადიციულად, საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი ხდება იმიტომ, რომ თუ ოფიციალური შედეგი არ ემთხვევა ეგზიტპოლს, პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებია გაყალბებული. ამას ხშირად იყენებდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

"სხვათა შორის, მეჩვენება, რომ წელს ეს ტენდენცია არ უნდა იყოს იმიტომ, რომ, მაგალითად, "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ბევრი შედეგი ეხმიანებოდა "ენ-დი-აის" ადრინდელ გამოკვლევებს. ანუ, არ იყო გადაბმული იმ სიმპათიაზე, საითკენაც "რუსთავი 2"-ია გადახრილი. ამიტომ ვფიქრობ, "ეგზიტპოლების ომი" საქართველოში შეიძლება დამთავრდეს", - გვითხრა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×