(რეზონანსი) ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა, „ეისითი"-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და დაადგინა თუ რომელ ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას თბილისელების უმრავლესობა. კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის უმეტესობა (68%) ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით (სამარშუტო ტაქსი, ავტობუსი, მეტრო) მგზავრობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ყველაზე ხშირად მგზავრობენ სამარშრუტო ტაქსებით (29%). ავტობუსები მგზავრობის ძირითადი საშუალებაა თბილისის მოსახლეობის 23%-ისთვის, ხოლო 16% ძირითადად მეტროთი გადაადგილდება.
მამაკაცების 40% მგზავრობისთვის ყველაზე ხშირად საკუთარი,ოჯახის წევრის, ახლობლის ავტომობილს იყენებს. ქალების შემთხვევაში კი ავტომობილით მხოლოდ 14% გადაადგილდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია 18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია.
კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (44%) აფიქსირებს, რომ სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას ყოველდღე ხვდება საცობში. მოსახლეობის 69% საცობში კვირაში ერთხელ მაინც ხვდება. თბილისის მაცხოვრებლები საშუალოდ 26 წუთს ატარებენ საცობში.
კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მცხოვრებს შორის. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.