(რეზონანსი) მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ცესკო-ს მოკვლევა დაწყებული აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განუცხადა.
„მე პირადად მოკვლევის მიზნით ეს ფაქტები გადავუგზავნე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. მოკვლევა მიმდინარეობს ამ საკითხზე და აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას შედეგების შესახებ", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისი თქმით, მოკვლევაა დაწყებული ისეთ შემთხვევებზეც, რომელიც საარჩევნო პროცესში სკოლის მასწავლებლების საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვის საკითხს ეხება.
ცესკო-ს უკვე 11 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი აქვს შედგენილი და მათი უმრავლესობა კამპანიისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნორმების დარღვევას ეხება.
ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი არის მოწესრიგებული, როგორც საარჩევნო კომისიების რესურსის მხრივ, ისე სხვა მატერიალური რესურსის თვალსაზრისით და ცესკო მზად არის არჩევნების ჩასატარებლად.