(რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას ულოცავს. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე და დოკუმენტი არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული.
„მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, საკონსტიტუციო კომისიის თითოეულ წევრს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმირების პროცესში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს" , - განაცხადა კვირიკაშვილმა.
„მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.