(რეზონანსი) გორის სოფელ ფხვენისში საბავშვო ბაღი ჯერ 2017 წლის 16 სექტემბერს, შემდეგ კი 2 ოქტომბერს უნდა გასხნილიყო,თუმცა სამუშაოები კიდევ არ დასრულებულა. ამის მიზეზად სამშენებლო კომპანია დაუმთავრებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ითხოვს, რომ ბაღის დირექციამ სააღმზრდელობო დაწესებულება დაუყოვნებლივ გახსნას, თუმცა, მასთან შეხვედრის დროს, ადგილობრივების ნაწილმა ამის თაობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
„აქ მოსახლეობამ განუცხადა, რომ არ შეიძლებოდა ამ ბაღის გახსნა ამ მდგომარეობაში. არ არის გათბობა, არ არის გაზი შეყვანილი, დაუმთავრებელია სარემონტო სამუშაოები. მეხუთე წელია არემონტებენ, მოუწესრიგებელია ბევრი რამ, მაგრამ იქნებ მართლაც ჯობდა გახსნილიყო და შემდეგ ეტაპობროვად მართლაც დაემთავრებინათ" , - აცხადებს ადგილობრივი ანო ომაძე.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის უზრუნველყოფა გათბობის სისტემით ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს.
„როგორც ვიცი, ბაღების მართვის სააგენტომ ტენდერები უკვე გამოაცხადა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. მანამდე, გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა და შესაბამისად ვერ მოესწრო გათბობის სისტემის დამონტაჟება" , - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.
საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ბოლოს ორჯერ ჩაუტარდა, პირველად 2016 წელს კომპანია „ჯინო პლიუსის" მიერ, ხოლო 2017 წელს - ინდმეწარმე , „ჯემალ ჭოველიძემ" განახორციელა. საბავშვო ბაღი დაახლოებით 50 ბავშვზეა გათვლილი. აღსაზრდელები მეზობელ სოფელ შინდისში დაჰყავთ.