(რეზონანსი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე „ტვ პირველის" ეთერში საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგლი საუბრობს. მისი თქმით, კონსტიტუციაში ამ საკითხზე ჩანაწერის შეტანა საჭირო არ არის.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან თუ სააგენტოსთან, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ახალი ორგანული კანონი ყველა სერიოზულ ინვესტორს საკუთარი ინვესტიციების სასოფლო-სამეურნეო მიწებში ჩადების საშუალებას მისცემს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. პირდაპირი ინვესტირება ძალიან მომგებიანია" , - განაცხადა მაიკლ ქოუგლიმ.
როგორც მაიკლ ქოუგლი აღნიშნავს, ინვესტორთა საბჭოს არასამთავრობო წევრების პოზიციით, მთავრობამ ორგანული კანონის შექმნის პარალელურად, ეს ყველაფერი დაწვრილებით უნდა შეისწავლოს.
„ყველაფერს, რაც ინვესტორების უნარს ამცირებს, ინვესტიციების განხორციელების კუთხით, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. მესმის, რომ მთავრობა საკმაოდ რთულ პოზიციაშია და სწორედ ამიტომ შეაქვს აღნიშნული კანონი კონსტიტუციაში. დღესდღეობით სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბევრი ინვესტორი არ შემოდის" , - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.