ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
16.10.2017

 "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ნოემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო იკვეთება მისაღები გადაწყვეტილებების კონტურები. გასულ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეათანხმეს დეკლარაციის ყველაზე სადავო პუნქტი, ხოლო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოიცავს პარლამენტარების რეკომენდაციებს.

ევროკავშირში სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ევროპული მისწრაფება" სერიოზული უთანხმოების საგანია. ბოლო ხანს სწორედ ამ საკითხის სამიტის დეკლარაციაში ჩანაწერის ფორმულირებაზე მუშაობდნენ წევრი ქვეყნების ელჩები.

"აღიარება" "აღიარების" წინააღმდეგ

რიგი ცენტრალური ევროპის ქვეყნები ითხოვდნენ, რომ სამეულის ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი მომავალ დეკლარაციაში ცალსახად ყოფილიყო აღიარებული. ეს ფრაზა ინგლისურად ასეთი უნდა ყოფილიყი: "Summit participants recognise the European aspirations and European choice of the partners concerned".

ამ ჩანაწერის მოწინააღმდეგენი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები, მიიჩნევდნენ, რომ აღიარებისას ინგლისური ზმნის "to recognise" გამოყენება ევროკავშირისათვის გარკვეული ვალდებულებების აღებად შეიძლება აღქმულიყო. ამიტომაც გადაწყდა, რომ საბოლოო ვარიანტში გამოყენებული იქნება სიტყვა "ფსტწცდუვპუ", რომელიც, პრინციპში, ასევე "აღიარებას" ნიშნავს, მაგრამ სხვა ელფერი დაჰკრავს და არ გულისხმობს რაიმე ვალდებულებას.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულებებში სწორედ ეს ტერმინია გამოყენებული. საბოლოოდ ჩანაწერმა ასეთი სახე უნდა მიიღოს: "Summit participants acknowledge the European aspirations and European choice of the partners concerned. as stated in the Association Agreements".

აღსანიშნავია, რომ მიღებამდე დეკლარაციის ტექსტი სამეულთან - საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უნდა შეთანხმდეს და მათი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტის მიღება შეუძლებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს უკრაინა-ევროკავშირის მე-19 სამიტი ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. მაშინ ევროკავშირი უკრაინის "ევროპული მისწრაფების" დოკუმენტში ჩანაწერის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაცილებით ოპტიმისტურია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთან ურთიერთობის საბოლოო მიზანი".

ევროპარლამენტი მოუწოდებს სამიტის მონაწილეებს, "კიდევ ერთხელ აღიარონ ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებები" და დეკლარაციაში ასახონ, რომ, "ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და რომის 2017 წლის 25 მარტის დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს, მიმართოს ევროკავშირს წევრობისთვის".

ახალი იდეა: "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი"

მას შემდეგ, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს და მისი წარმატებული იმპლემენტაცია დაიწყეს, მათი თანამშრომლობა პარტნიორობის სხვა წევრებთან ამ ფორმატში თანდათან აზრს კარგავს. ევროინტეგრაციის, პოლიტიკური რეფორმებისა და უსაფრთხოების საკითხებში აზერბაიჯანი და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ბელარუსი და სომხეთი მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორები არიან.

ამ ფონზე ევროკომისია ამბიციური მიზნების ნაცვლად მოკლევადიან გეგმებს აწყობს. მათ უკვე განსაზღვრეს ის 20 შედეგი, რომელიც 2020 წლისათვის უნდა იყოს მიღწეული. მიზნები ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს.

თავის მხრივ, ევროპარლამენტი ახალი ინიციატივით - "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი" გამოდის. იგი სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საბაჟო, ენერგეტიკულ, ციფრულ კავშირებსა და შენგენის ზონაში გაწევრიანებასა და როუმინგის გაუქმებას მოიცავს.

ევროპარლამენტი ასევე საჭიროდ მიიჩნევს სპეციალური ფონდის (nhcnaeyn) შექმნას, რომელიც, კერძო და საზოგადოებრივი მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით იქნება დაკავებული.

რეკომენდაციების პროექტის ავტორის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს აზრით, შემდეგ ეტაპზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეიძლება საბაჟო კავშირში გაწევრიანდნენ, რაც, მისი აზრით, ევროკავშირის წევრობისაკენ გადადგმული უშველებელი ნაბიჯი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×