ეკატერინე ბასილაია
16.10.2017

 საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში მცხოვრები ქართველებისთვის ე.წ. ბინადრობის ნებართვის გაცემა გრძელდება და უკვე გაირკვა, რომ, მინიმუმ, 4 000 ქართველს ეს საბუთი აღარ მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 000 გალელს საკუთარ სახლში ჩასვლის უფლებას აღარ მისცემენ და აფხაზეთიდან ქართველების თანდათანობით გამოსახლება მოხდება.

როგორც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აცხადებს, ამ ეტაპზე 4 000 პირი გამოარკვიეს, რომლებიც საბინაო წიგნებში არიან შეყვანილი, მაგრამ რეალურად გალის რაიონში მუდმივად არ ცხოვრობენ. ისინი მხოლოდ პერიოდულად ჩადიან მიწის დასამუშავებლად, მოსავლის, თხილის და ციტრუსის ასაღებად და მათი (დე ფაქტო მთავრობის) ამოცანაა, არ დაუშვან, ამ ადამიანებმა "ბინადრობის ნებართვა" აიღონ.

უფრო მეტიც, აფხაზური მედია წერს, რომ "ბინადრობის ნებართვის" არმიცემის გამო სოფელ ფიჩორიდან 22 ქართული ოჯახი "საქართველოში სამუდამოდ საცხოვრებლად გადასახლდა".

ნადარაია ასე მასობრივად "გადასახლებას" ჟურნალისტთან საუბარში არ ადასტურებს, თუმცა ქართველი კონფლიქტოლოგები აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის აკრძალვისა და შევიწროების გამო ბოლო პერიოდში რამდენიმე ათეულმა ოჯახმა მართლაც დატოვა გალის რაიონი და ძირითადად ზუგდიდის რაიონში ახლობლების სახლებს შეაფარეს თავი.

"მთელ კვირასთან" საუბარში სოფელ მეორე ოტობაიას მკვიდრი ამბობს, რომ მათი სოფლიდან 4 ოჯახი გადავიდა ზუგდიდში, ასეთი შემთხვევა სხვა სოფლებშიც არის და მიზეზი სხვადასხვაა. მათ შორის გალის რაიონში ქართული სკოლების დახურვა, რის გამოც ენგურს გამოღმა დაჰყავდათ შვილები სასწავლებლად. ბოლო დროს კი ენგურის ხიდის გარდა სხვა გადასასვლელების დახურვამ ენგურს გამოღმა სკოლებში შვილების ტარებაც ძალიან გაართულა, რასაც ახლა დაემატა "ბინადრობის მოწმობის" გამო შექმნილი პრობლემებიც.

ახალი ე.წ. ბინადრობის მოწმობის აღება რომ ძალიან გამკაცრებულია, ამაზე აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი თემურ ნადარაია აფხაზურ მედიასთან თავად საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობა ვალდებულია, სოფელში მათი მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით სოფლის ადმინისტრაციის უფროსის მოწმობა წარადგინოს. ის ამბობს, რომ მანამდე გალის მოსახლეობის აღწერა ჩატარდა, რომ გაირკვეს, რეალურად ვინ ცხოვრობს რაიონში, რადგან ძველ საბინაო წიგნებში ჩაწერილი ადამიანები შეიძლება ახლა მუდმივად არ ცხოვრობდნენ გალში. იმათ, ვინც მუდმივად არ ცხოვრობენ იქ და ხშირად დადიან ენგურს გამოღმა საქართველოში, "ბინადრობის მოწმობა" არ უნდა მიეცეთ.

სეპარატისტული რეჟიმისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ისინი, ვისაც მუდმივად გალში მცხოვრებლებად არ მიიჩნევენ, რეალურად გალელები არიან, გალში აქვთ საკუთარი სახლი, ასევე მიწა, რომელსაც ამუშავებენ და მოსავალი მოჰყავთ, ჰყავთ ოჯახის წევრები გალში. ენგურს გამოღმა საქართველოში კი, იქვე, ზუგდიდში, ან შვილის ქართულად სწავლების გამო არიან და შაბათ-კვირას საკუთარ სახლებში ჩადიან, ან მხოლოდ ზამთარში რამდენიმე თვით გადმოდიან საცხოვრებლად, რადგან გალში ზამთრის გადატანაც ძალიან ჭირს სურსათის სიძვირისა და ენგურის ხიდზე დამთრგუნველი და დამღლელი მიმოსვლის გამო.

ნადარაიას თქმით, ასეთი დაახლოებით 4 000 გალელი გამოვლინდა, რომლებიც "მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ" და პერიოდულად გადაკვეთენ საზღვარს მიწის დასამუშავებლად.

"ამუშავებენ საკუთარ მიწის ნაკვეთებს, აგროვებენ თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. მათ ადრე აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ეს უკანონო იყო. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასეთ ადამიანებს ბინადრობის ნებართვა არ მივცეთ. საქმე ისაა, რომ ეს დოკუმენტი მათ უფლებას აძლევს, შეუფერხებლად გადაკვეთონ ქართულ-აფხაზური საზღვარი, რეალურად კი ისინი აფხაზეთში ვიზებით უნდა შემოდიოდნენ", - აღნიშნა ნადარაიამ.

 გალელებისთვის არის კიდევ ერთი შეზღუდვა. "ბინადრობის ნებართვის" მქონეებს უფლება აქვთ, სახლი საკუთრებაში ჰქონდეთ, თუმცა თუკი მისი გაყიდვა მოუნდებათ, ქართველზე ვერ გაყიდიან, აუცილებლად "აფხაზეთის მოქალაქეს" უნდა მიჰყიდონ.

გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში მცხოვრებთათვის, ვისაც "აფხაზური მოქალაქეობა" არ აქვთ, "ბინადრობის ნებართვის" გაცემა 3 თვის წინ განახლდა და გაცემულია სულ 500 დოკუმენტი, დაახლოებით 500 მზადაა გასაცემად და მუშავდება კიდევ 4 000 დოკუმენტი. წინასწარი მონაცემებით, 22 000-მდე დოკუმენტის გაცემა მოხდება. "ბინადრობის ნებართვის" მოქმედების ვადა 5 წელია.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ "რაც ახლა გალში ხდება, ეს ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ქართველი დარჩეს აფხაზეთში და დარჩენილები გაააფხაზონ".

მისი თქმით, არის ოჯახები, სადაც ასაკოვანი მშობლები გალში მუდმივად ცხოვრობენ, მაგრამ მათი შვილები ენგურს გამოღმა არიან და გალში ხშირად დადიან მიწის დასამუშავებლად თუ მოსავლის ასაღებად.

"მე ვიცი ადამიანი ჭუბურხინჯიდან, რომელსაც აფხაზური პასპორტი ჰქონდა და ხშირად ჩადიოდა მშობლებთან გალში. ახლა კი წაართვეს პასპორტი და აღარ უშვებენ. ასეთები ძალიან ბევრია. აფხაზებს ამ აკრძალვით უნდათ, გალში მცხოვრები ქართველები საერთოდ მოწყვიტონ საქართველოს, ნათესავებს ერთმანეთის ნახვა აუკრძალონ და გაააფხაზონ," - ამბობს კიკნაძე.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის განცხადებით, აფხაზები ნელ-ნელა ასახლებენ ქართველებს.

"გალელები აღიქმებიან, როგორც საქართველოს ნაწილი მათ "რესპუბლიკაში". მიიჩნევენ, რომ ისინი ბევრნი არიან და გარკვეულ ხიფათს უქმნიან "სახელმწიფოებრიობას".

"ნადარაია ხობიდანაა წარმოშობით, მისი ნათესავები დღესაც ხობში ცხოვრობენ და ეს გააფხაზებული ქართველი როგორ ექცევა გალელებს. არა მარტო ფიჩორიდან, სხვა სოფლებიდანაც მოდიან ოჯახები ქართული სწავლების აკრძალვისა თუ "ბინადრობის მოწმობის" ჩამორთმევის გამო. აფხაზები ამბობენ 22 ოჯახზე, მე შემიძლია 122 ოჯახი გიხსენოთ, რომლებიც ბოლო წლებში გახდნენ იძულებულები, დაეტოვებინათ ოკუპირებული აფხაზეთი. ეს ადამიანები ძირითადად სამეგრელოს აფარებენ თავს.

"ეს აშკარად ეთნიკური წმენდაა, მაგრამ აფხაზებმა ჭკუა ისწავლეს და ერთბაშად კი არ აკეთებენ ამას, ნელ-ნელა ასახლებენ ქართველებს," - ამბობს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×