(რეზონანსი) საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.
სახალხო დამცველმა კამპანია „უსაფრთხო სათამაშოს" ფარგლებში გატარებული ღონისძიებები და არსებული მდგომარეობა შეაჯამა.
მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში კვლევებმა აჩვენა, რომ ბაზარზე 44 შემოწმებული სათამაშოდან 21 ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.
ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს რეგულაციების შესამუშავებლად ერთი წლის ვადა აქვს დარჩენილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
ნანუშავილის თქმით, 2017 წლის მარტში საქართველოს მთავრობას რეკომანდაციით მიმართა, რათა საკანონმდებლო წინადადები შემუშავდეს.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, ეს სფერო 2019 წლამდე უნდა დარეგულირდეს, თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საჩქაროა.
„სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს ყველანაირი რეგულაცია მზად უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით", - განაცხადა ომბუდსმენმა.