მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. თბილისი ირჩევს მერს, რომელმაც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქალაქის ახლებურად განვითარება. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო პროგრამაში აქცენტს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე აკეთებს. სატრანსპორტო პრობლემებისა და ინფრასტურქტურული პროექტების განვითარებასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა თაობის სრულფასოავნ მონაწილეობაზე დედაქალაქის აქტიურ ცხოვრებაში.
"დედაქალაქის "მკურნალობას" მხოლოდ ჯანსაღი ახალი თაობა შეძლებს", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი კახა კალაძე. მისი პრიორიტეტი დედაქალაქის ეკონომიკური წინსვლა და მწვავე ურბანული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტაა. გაზეთი `რეზონანსი~ კახა კალაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
"რეზონანსი": დღევანდელი თბილისის უმწვავესი პრობლემა გადატვირთული ქუჩები და პარკირების ადგილების ნაკლებობაა. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ მიმართულებით?
კახა კალაძე: მე ვიტყოდი ეს უფრო კომპლექსური ნაბიჯებია. ეს ისეთი პრობლემაა, რასაც ყოველი მხრიდან სხვადასხვა საკითხების მოგვარებით უნდა შეტევა. იქნება ეს სწორად გათვლილი სატრანსპორტო ხაზები, სწორად გათვლილი პარკინგი, თუ მართებულად გაანგარიშებული ურბანული განვითარება. ცხადია, არ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის უგულებელყოფა. აუცილებელია გამართული ავტოსაშუალებების მოძრაობა და მოძრაობის წესების დაცვა.
"რეზონანსი": თბილისი უნდა გადაიქცეს რეგიონის გამორჩეულ ქალაქად. რამდენად შეუწყობს ხელს ამას თქვენი ეკონომიკური პოლიტიკა და კონკრეტულად ღამის ეკონომიკის გააქტიურება?
კ.კ: თბილისი ოდითგანვე იყო რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქი, აქ გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, აქ იკრიბებოდნენ მთელი ამიერ და იმიერ კავკასიის წარმომადგენლები. საქართველოს დედაქალაქი იყო ვაჭრობის, ხელოვნების, პოლიტიკის ცენტრი. თანამედროვე თბილისი ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და ამით მისი ღირშესანიშნაობა მიმზიდველია უცხოელისთვის. აქ არის არის მრავალეროვანი თავისუფალი უსაფრთხო გარემო. ამიტომ ქალაქის სწორი ეკონომიკური მართვა არა მარტო სტუმარზეა გათვლილი, არამედ, პირველ რიგში, სწორედ მოქალაქეებისთვის იქნება მომგებიანი.
"რეზონანსი": წინასაარჩევნო დაპირებებში საუბრობთ ქალაქის ურბანული პოლიტიკის განვითარებაზეც, სადაც დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს უკვე მიმართეთ და გააფრთხილეთ, რომ თქვენი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა. ხომ არ შეაფერხებს ეს ქალაქში ინვესტიციების დაბანდებას?
კ.კ: მე ადრეც აღვნიშნე მინისტრის რანგში ინვესტორებთან შეხვედრისას - არც ერთი სოლიდური ბიზნესი არ კადრულობს მოსახლეობის, დასაქმებულების დისკომფორტის, უსაფრთხოების ჯანმრთელობის ხარჯზე თავის საქმიანობას. ამაში ყველა შეჯერებულები ვართ, ხელისუფლებაც და დეველოპერებიც. ბიზნესის საკეთებლად სასურველია და შექმნილია თავისუფალი უსაფრთხო გარემო, ეს კი არანაირად არ ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე მათ საქმიანობას. პირიქით. ნებისმიერი ინვესტიცია ხომ ქვეყნის, ქალაქის, მოსახლეობის კეთილდღეობის მატებისთვისაა განსაზღვრული.
წინა ხელისუფლებამ სრულიად ველური გარემო შექმნა ქალაქის ურბანული განვითარებისთვის. ამან კი სადამდე მიგვიყვანა, ყველანი ვხედავთ. იზარალა თბილისმა, იზარალა სამშენებლო სექტორმა და რაც მთავარია დაზარალებული აღმოჩნდა ყველა თბილისელო.
ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით ეს ყველაფერი გამოსწორების გზაზე უნდა დავაყენოთ. აქედან გამომდინარეობდა ჩემი ეს განცხადებაც - ბიზნესი თბილისისთვის და არა თბილისის ხარჯზე.
"რეზონანსი": იგეგმება ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ეს საკმაოდ დიდი, რთული და საყურადღებო პროგრამაა. თუ არის გეგმა შემუშავებული და როგორ აპირებთ მის განხორციელებას?
კ.კ: რასაკვირველია კონკრეტული გეგმა არსებობს და ეს პრეზენტაციაშიც იყო ასახული. ძველი თბილისის უბნების ერთიანობაში რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ერთი, ცალკე აღებული შენობის დამუშავება ან განახლება არაფრის მომტანია. თემა ძალიან მოცულობითია, ესაა ავთენტურობის შენარჩუნებიდან დაწყებული, მოსახლეობისთვის კომფორტის უზრუნველყოფით დამთავრებული. ჩვენ ეს გათვლილი და დაგეგმილი გვაქვს დიდ პროექტად და ძალიან დიდ ბენეფიტებს მოგვიტანს - ერთი მხრივ, ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მეორე მხრივ კი, თბილისელებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის თვალსაზრისით.
"რეზონანსი": რას ფიქრობთ, "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით. თქვენი აზრით, ამ პროექტით რა სარგებლობას მიიღებს ქალაქი?
კ.კ: სარეკრეაციო ზონების განვითარება და მით უფრო შექმნა, ისედაც გვაქვს გეგმაში. "პანორამა თბილისი" უბრალოდ ერთ-ერთი ასეთი სარეკრეაციო ზონაა, რომელიც კერძო ინვესტიციით ხორციელდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური საბაბით გახდა ეს პროექტი ასეთი აჟოტაჟის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, თბილისელები ჯანსაღად განსჯიან და შეაფასებენ ამ მშენებლობასაც ზუსტად ისე, როგორც დედაქალაქში განხორციელებული სხვა სიახლეები აქვთ შეფასებული.
"რეზონანსი": წინასაარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური დაპირებები წარადგინეთ. ფაქტია, რომ ამას მერიის ბიუჯეტი ვერ გასწვდება. არის თუ არა უკვე შემუშავებული 4-წლიანი გეგმა თანხების მოზიდვის და მისი გეგმაზომიერად დახარჯვის მიმართულებით? რა წყაროებია გათვალისწინებული საპროექტო დაფინანსებისათვის?
კ.კ: პირადად ჩემი აზრია, რომ მერიის ბიუჯეტში ამ ეტაპზე შედარებით მცირე თანხებია გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. არადა, 25-წლიანი არასტაბილური პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემები დაგროვდა ქალაქში და შესაბამისად, დიდ ხარჯებსაც ამ ყველაფრის განხორციელება. მთავარია ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და ინვესტიციების მოზიდვის სწორი სტრატეგია. ჩემი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალი მოტივაცია - ვუშველოთ თბილისს ამ ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელების საწინდარია.
"რეზონანსი": თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ენერგეტიკის დარგში მოღვაწეობის მიმართულებით. როგორ განვითარდა საქართველოს ენერგოსისტემა თქვენი მინისტრობის პერიოდში, რა გამოწვევებს უპასუხა საქართველომ?
კ.კ: მთავარი არის, რომ საქართველო გახდა ევროპული ენეგეტიკული ოჯახის წევრი. საქართველოში იმდენი ენერგოობიექტი აშენდა, რამდენიც არასდროს აშენებულა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. უმთავრესი ისაა, რომ ენერგეტიკაში ისეთი გუნდი მუშაობდა და მუშაობს, ისეთი პროფესიონალები და პატრიოტები არიან, რომ ჯერაც ოცნება - საქართველო გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, სულ მალე ასრულდება.
"რეზონანსი": თქვენ დიდი და წარმატებული სპორტული კარიერა გქონდათ. თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში რა კუთხით გამოიყენებთ ამ გამოცდილებას, რა შესთავაზებთ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით?
კ.კ: ნარკოტიკების მოხმარების კატასტროფული მაჩვენებელი, ძალიან ცუდი პოლიტიკური და სოციალური ფონი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული აყალიბებდა ახალგაზრდის ისეთ სტერეოტიპს, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასთან ნაკლებად ასოცირდება. ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ბევრი მოზარდი დ ახალგაზრდა დაინტერესებული სპორტით, ცხოველებით, ბუნებით თუ ეკოლოგიით.
13 ივნისის ტრაგედიამ ჩვენი ახალგაზრდა თაობის ისეთი შთამბეჭდავი სახე წარმოაჩინა, რომ ეს შთაბეჭდილება იყო უდიდესი შვება იმ საშინელ დღეებში და დღემდე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელმისაწვდომობა. დედაქალაქში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი სავარჯიშო სივრცე, აუზები, სკვერები, პარკები, ველობილიკები, თუ სპორტული მოედნები. ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს განვახორციელოთ თბილისში. დედაქალაქის "მკურნალობას" მხოლოდ ჯანსაღი ახალი თაობა შეძლებს. ეს ჩვენი ვალდებულებაა. სიცოცხლით სავსე ქალაქი - თბილისის, თბილისელების მომავლისთვის!