რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) ესპანეთმა კატალონიას ახალი ულტიმატუმი წაუყენა. ცენტრალური ხელისუფლება რეგიონის ლიდერებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გასაუქმებლად ვადას ხუთშაბათამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტონომიის შეჩერებით იმუქრება.

ესპანეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას კარლეს პუჩდემონს მიმართა და მოსთხოვა დაედასტურებინა, გამოაცხადა თუ არა მან ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა. მოთხოვნის საპასუხოდ კი კატალონიის ლიდერმა ესპანეთის პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნა და მომდევნო ორი თვე დიალოგი შესთავაზა. წერილში მან მადრიდის მთავარი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და კატალონიის სტატუსს საერთოდ არ შეხებია.

მადრიდის მიერ დაწესებული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე, კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთის პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნა. მას პრემიერმინისტრთან, მარიანო რახოისთან შეხვედრა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი გაგზავნილ წერილში, მარიანო რახოის უახლოესი ორი თვის განმავლობაში დიალოგის დაწყებას სთავაზობს, თუმცა დამოუკიდებლობის შესახებ არაფერს წერს.

თუ კატალონია ოფიციალურად გამოაცხადებს თავს დამოუკიდებლად, ესპანეთი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს წაართმევს და ადგილობრივ მთავრობას დაითხოვს.

10 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაცია. დეკლარაციას ხელი კატალონიის მეთაურმა კარელს პუჩდემონმაც მოაწერა. ამასთან მან ჟურნლისტებთან განმარტა, რომ ეს „სიმბოლური" ნაბიჯი იყო და „დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვას" წარმოადგენს.

კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×