(რეზონანსი) ქარიშხალი „ოფელია" ირლანდიას უტევს. სტიქიას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხლის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სინოპტიკოსების თქმით, როდესაც დიდ ბრიტანეთს დაატყდება თავს, იგი იქნება ზუსტად ისეთი სიმძლავრის შტორმი, როგორც იყო 1987 წელს, 30 წლის წინ თავსდამტყდარი „დიდი ქარიშხალი", რამაც 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქარიშხლის გამო 230 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. სოციალურ ქსელებში მოსახლეობა ქარიშხალ „ოფელიას" ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.როგორც „BBC"-ი იუწყება, „ოფელიას", რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ ატლანტის ოკეანიდან მოემართება, ამჟამად თან ახლავს ქარი, რომლის სიჩქარეც 113 კმ/სთ-ია.