კახა კალაძე, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია - ეს კანდიდატები მიიჩნევიან თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მთავარ ოთხეულად და სწორედ ამ ოთხეულზე არის უმთავრესი ყურადღებაც მიპყრობილი - ვინ რა პოზიციებიდან მოდის თბილისის პირველობისთვის ბრძოლაში და ვის რა ძლიერი მხარე აქვს.
ამ კანდიდატების ყველაზე დასამახსოვრებელი შტრიხი ასეთია:
კახა კალაძე, 39 წლის, პირველ რიგში, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელია; დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2012 წლის შემდეგ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თბილისში.
ალეკო ელისაშვილი, 39 წლის, ტელეკომპანია "კავკასიის" ყოფილი წამყვანი, "ტბილისის ჰამქარის" დამფუძნებელი, რომელიც წლებია, თბილისის პრობლემებზე საუბრობს და დაპირისპირებულია როგორც წინა ხელისუფლებასთან, ისე მოქმედთან. ის თბილისის მერობისთვის პარტიის გარეშე, დამოუკიდებელ კანდიდატად იბრძვის.
ზაალ უდუმაშვილი, 46 წლის, დამთავრებული აქვს ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, "კურიერის" ყოფილი წამყვანი, რომელიც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.
ელენე ხოშტარია, 37 წლის, დამთავრებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით, პოლიტოლოგი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომელიც პარტია "ევროპული საქართველოს" სახელით თბილისის მერობისთვის იბრძვის.
პოლიტოლოგების განცხადებით, საქართველოში არჩევნებში გასამარჯვებლად, როგორც წესი, პიროვნულ მახასიათებლებზე მეტად მნიშვნელოვანია, ვინ უჭერს ამა თუ იმ კანდიდატს მხარს. ამიტომაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს "ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძეს მიუხედავად იმისა, რომ ის ამომრჩევლის თვალში მაინც უფრო სპორტსმენია, ვიდრე პოლიტიკოსი.
კახა კალაძის აქტივი
გია ხუხაშვილის თქმით, კახა კალაძის მთავარი აქტივია ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატია და ხელისუფლება უჭერს მხარს.
"მიუხედავად იმისა, რომ იგი "ქართულ ოცნებაში" გამორჩეული ლიდერია, მაინც დამოკიდებულია პარტიულ რესურსზე, სახელისუფლებო რესურსზე და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია. მისი აქტივი ისაა, რომ სახელისუფლებო კანდიდატია. სხვა აქტივი მას აქვს ღრმა წარსულში, ესაა ფეხბურთი."ენერგეტიკის სამინისტროში რომ რაღაც სასწაულები ჩაატარა, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. საშუალო რანგის მინისტრი იყო. ინდივიდუალობით არ გამოირჩევა. მეტი მასზე არაფერია სათქმელი. ის, რომ ცნობილი ფეხბურთელი იყო, გარკვეულ წრეებში აძლევს პოზიტივს, მაგრამ ცნობილი ადამიანობა ნეგატიური რეიტინგის მომტანიცაა, რაც პოზიტიურს აბალანსებს. ფეხბურთელი საქართველოში უყვართ, მაგრამ მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მაღალი აზრის არავინ არ არის, მათ შორის გულშემატკივრებიც", - აღნიშნავს ხუხაშვილი.
გია ნოდია ამბობს, რომ კალაძე პარადოქსული ფიგურაა, ერთი მხრივ, მთავრობის კანდიდატია, მეორე მხრივ, რაღაც დონით შეფარულად აკრიტიკებს წინამორბედს. "მისი მთავარი ძალა ისაა, რომ ხელისუფლების კანდიდატია", - მიიჩნევს ნოდია.
ალეკო ელისაშვილის აქტივი
მეორე გამორჩეული კანდიდატი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც მეორე ადგილზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს. გია ნოდია აცხადებს, რომ ელისაშვილი ალბათ ე.წ. შუაშისტების კანდიდატია და მისი ძლიერი მხარე ისაა, რომ დაპირისპირებულია "ოცნებასთან", ასევე, "ნაცმოძრაობასთან" მისი დაპირისპირებაც ახსოვს ხალხს და ის ცნობილია საპროტესტო ქმედებებითაც, თან ეს ქმედებები დაკავშირებული იყო თბილისის პრობლემებთან.
"ორი ძლიერი მხარე აქვს. ერთი, რომ სწორედ თბილისის პრობლემებზე დააფუძნა ორგანიზაცია და ამ მიმართულებით იყო აქტივისტი, ასევე ბევრისთვის პოზიტივია, რომ ის უპარტიო კანდიდატია, ე.წ შუაშისტია, მესამე ძალაა "ნაციონალებთან და "ოცნებასთან" შედარებით", - ამბობს ნოდია.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერობაზე კენჭისყრა ელისაშვილის სპონტანური გადაწყვეტილება არ არის, ის წლების განმავლობაში ქალაქის პრობლემატიკაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და მისი ეს გადაწყვეტილება ამ მხრივ კანონზომიერი და ლოგიკურია.
"მისი კანდიდატობა ქართულ სინამდვილეში გარკვეულწილად სიახლეა, რადგან უპარტიო ძლიერი კანდიდატი საქართველოში არასდროს ყოფილა.
"პარტიული კანდიდატებისთვის დამახასიათებელი მანკიერება ისაა, რომ მერია პარტიული აქტივისტების დასაქმების ადგილად იქცა და გარკვეული პარტიული ინტერესჯგუფები ეპატრონებოდნენ მერიას, ელისაშვილი კი პარტიული ვალდებულებებით დატვირთული არ არის და თეორიული შანსი ჩნდება, მერია მანკიერი ინტერესებისგან გაიწმინდოს.
"ეს განასხვავებს მას ყველა დანარჩენი კანდიდატისგან და ეს არის მისი ძლიერი მხარე. ის, რაც ერთი შეხედვით სისუსტეა, რომ პარტიული ინფრასტრუქტურა და სხვა რესურსები არ აქვს, სინამდვილეში მისი ძირითადი ძლიერი მხარეა", - ამბობს ხუხაშვილი.
ზაალ უდუმაშვილის აქტივი
ამ არჩევნებში ელისაშვილის მსგავსი რეიტინგი აქვს და, შესაბამისად, მეორე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებენ ზაალ უდუმაშვილს. გია ხუხაშვილის თქმით, უდუმაშვილი პოლიტიკოსი არ იყო და მისი პოლიტიკაში ჩართვა გაუგებრობაა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" აბსოლუტურად გამჭვირვალე მიზეზით, რომ არ სურდათ, მათი ცოდვებით დატვირთული სახე წარმოედგინათ მერად, უდუმაშვილი შეარჩია, მათი გეგმით, ხალხისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები სუფთა ფურცლის მქონე პოლიტიკოსი, მაგრამ ილუზიაა.
"ამ პარტიის ცოდვები კანდიდატზე გადადის. როგორც კანდიდატი, ძლიერად არ გამოიყურება, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი მობილიზებული ელექტორატი ჰყავს და ის მიიღებს იმდენ ხმას, რასაც თავად პარტია", - აღნიშნავს ხუხაშვილი.
გია ნოდიას განცხადებით, უდუმაშვილი ყველაზე გამოუცდელი კანდიდატია, არც აქტივისტი ყოფილა არასდროს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს და ისინი უდუმაშვილს ხმას ავტომატურად მისცემენ. "იმათ თვალშიც კი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მომხრე არ არის, ანტიპათიური ფიგურა არ არის", - ამბობს ნოდია.
ელენე ხოშტარიას აქტივი
რეიტინგებით, 5%-იან ბარიერს გადალახავს ელენე ხოშტარია. "ელენე ხოშტარია შედარებით უკეთესად გამოიყურება და უფრო ლოგიკურია თავის ქმედებებსა და რიტორიკაში, მაგრამ ისიც "ნაციონალური მოძრაობის" ცოდვებითაა დაღდასმული, ამიტომ არ ვიცი, მისი ელექტორატი ვინ შეიძლება იყოს.
ამ ახალი პარტიის შანსი იყო, რომ "ნაცმოძრაობის" ელექტორატიდან რაღაც რაოდენობა წამოეყვანათ. შეიძლება მცირე წამოიყვანოს, მაგრამ სერიოზულ შედეგს ვერ აიღებს", - მიიჩნევს ხუხაშვილი.
გია ნოდიას თქმით, ხოშტარიას რაღაც დისტანცია აქვს "ნაციონალური მოძრაობისგან" და, ზოგადად, ეს "ევროპული საქართველოს" პრობლემაა, რადგან ბევრი ამომრჩევლის თვალში ისინი არც მთლად "ნაციონალები" არიან, მაგრამ "ნაციონალებთან" მაინც არიან დაკავშირებულები.
"ნაციონალების" ინტელექტუალურ და გამოცდილ ნაწილში შედის, მაგრამ ვიღაცებისთვის ეს დამაბნეველია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის ერთგულ ხალხს ნიშნავს და ეს პარტია ასეთი არ არის. ხოშტარია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა და მან სახელი დამოუკიდებლად დაიმკვიდრა ბოლო პერიოდში, როდესაც მერობის კანდიდატად დასახელდა", - ამბობს ნოდია.