(რეზონანსი) სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში გარდაცვლილთა ოჯახთან ერთად პარლამენტის წევრებიც იმყოფებიან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს დღემდე დამოუკიდებლობა ასეთმა გმირებმა მოუტანეს.
"ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ღირსება", - განაცხადა კობახიძემ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით აფხაზურ მხარესთან ურთიერთობები ძალიან სერიოზულად გაუმჯობესდა. უკვე 126 ადამიანის იდენტიფივირება და დაკრძალვა მოხდა და რამდენიმე ასეული ჯერ კიდევ შესაბამის პროცედურებს გადის. მხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა და 91 ნეშტის პოვნა მოხდა. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამაზე ჩვენ და აფხაზური მხარე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხზე ვმუშაობთ და ყოველგვარ პოლიტიკურ განსხვავებებს განზე ვდებთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ პროცესი დაძრულიყო", - განავხადა სუბარმა.
სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
25 სამხედრო თბილიში ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდნიმე დღის წინ გადმოასვენეს.