(რეზონანსი) უამინდობით გამოწვეული პრობლემის გამო, აბასთუმანში ერთი გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სეთურიძის ინფორმაციით, თავდაპირველად გერმანელი და ქართველი ტურისტები საირმის მიმართულებით ერთად წავიდნენ, საირმიდან კი აბასთუმნის მიმართულებით გააგრძელეს გზა. როგორც სეთურიძემ განაცხადა, გერმანელი ტურისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ქართველი ტურისტი გზიდან მობრუნდა, რომ შესაბამის უწყებას ტელეფონით დაკავშირებოდა.
მისი თქმით, დროისთვის ტურისტის გადასარჩენად სპეციალური სამუშაოები ტარდება.
„ჩვენი ტექნიკა უკვე წასულია და უახლოეს საათებში ტერიტორიაზე მივლენ. ასევე ექიმი მიყავთ იმისთვის, რომ უცხოელ ტურისტს ადგილზე დახმარება აღმოუჩინონ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამოვიყვანოთ", - განაცხადა სეთურიძემ.