"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მის მთავარ კონკურენტად იმ გამოწვევებს მიიჩნევს, რომლებიც ქალაქის წინაშე დგას. მმართველი გუნდის კანდიდატი პირობას დებს, რომ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თბილისი ინკლუზიურ ქალაქად იქცეს. მისი აზრით, წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ჯანსაღი ურთიერთობა ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
დედაქალაქის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე და მათი განხორციელების გეგმებზე "რეზონანსი" "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ბირბიჩაძეს ესაუბრა.
გიორგი ბირბიჩაძე: "თავად მოსახლეობა კარნახობს მმართველ გუნდს, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მთავარია, ადგილობრივ თვითმმართველობას შესწევდეს უნარი, სწორად დაინახოს მოქალაქეების საჭიროება და მათი გათვალისწინებით დაგეგმოს ბიუჯეტი. ჩვენმა გუნდმა დაასახელა ის 7 ძირითადი მიმართულება, რაც მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტი იქნება და ეს მიმართულებები სწორედ არსებული გამოწვევების სიღრმისეული ანალიზით არის შემუშავებული.
მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ჰქონდეს შესაბამისი ბიუჯეტი საჭირო პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისთვის, ბიუჯეტის ზრდა კი მმართველ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. საჭიროა, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, დამატებითი სახსრები და ამ ყველაფრის ძალა დღეს მხოლოდ ჩვენს გუნდს შესწევს.
"რეზონანსი": რა არის ქალაქის, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონის ძირითადი გამოწვევა?
გ.ბ: შეუძლებელია, მათ შორის ერთი გამოვყოთ, არის ეკოლოგიური, ურბანული და სოციალური გამოწვევები, პრობლემაა საცობები და სხვა. ჩემს გუნდთან ერთად მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები და როგორ უნდა იქცეს თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად, რაც სიცოცხლით სავსე უბანს გულისხმობს. ხალხთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. კაბინეტში არც გამგებლის მოადგილეობისას ჩავკეტილვარ და, რა თქმა უნდა, არც ახლა ვაპირებ. ვაკელებმა ისიც იციან, რომ ჩემი რაიონისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ.
"რ": თქვენი გეგმების განხორციელებას როგორ აპირებთ საკრებულოსა და მერიასთან ერთად?
გ.ბ: წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ჯანსაღი ურთიერთობა ქალაქის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" უპირველესი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საქმიანობა მუდივად მიმართულია ქალაქის განვითარებისკენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში, მათ შორის ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია; ახალი გზები და მიმართულებები; გამწვანებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა; შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი და ჩანაცვლდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული ლურჯი ავტობუსებით; აშენდა მუნიციპალური ავტობაზა; აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა; სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით - მოეწყო 28 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 426-ს; ქალაქის მასშტაბით გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 392 ავარიულ სახლს; 2014-2017 წლებში თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი; მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა, მათ შორის ერთი სწორედ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ნუცუბიძის მე-4 მ-რ-ში შენდება; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 10 ახალი პროგრამა ამოქმედდა; მოეწყო 149 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 440-ს და სხვ. თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება. ჩვენი მიზანია არსებული პრობლემების ეტაპობრივად შემცირება და საბოლოოდ აღმოფხვრა. თბილისმა ძალიან მალე უნდა იგრძნოს შვება და ამისთვის ძალას არ დავიშურებთ!
"რ": კონკრეტულად სოციალურ პრობლემებს რაც შეეხება, როგორ აპირებთ ამ საკითხების მოგვარებას?
გ.ბ: რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები და ჩვენ ვაპირებთ, რომ ავამოქმედოთ დამატებით ისეთი პროგრამებიც, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავი ღირსეულ მოქალაქეებად იგრძნონ. გაგრძელდება ყველა ის დახმარება, რაც მერიასა და გამგეობებს აქვთ. გარდა ამისა, გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა თბილისი ინკლუზიურ ქალაქად იქცეს. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამისათვის კი საჭიროა, მცირე და საშუალო ბიზნესს დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია, ადამიანი კი - უპირველესი ამოსავალი წერტილი.
"რ": ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?
გ.ბ: სიმართლე გითხრათ, ჩემს კონკურენტებად არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს მივიჩნევ, რომლებიც ვაკის რაიონის, კერძოდ კი ნუცუბიძის ფერდობის, ვაჟა-ფშაველას კვარტალების, თბილისს შემოერთებული ტერიტორიების - თხინვალასა და აგარაკის დასახლებების, ქავთარაძისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლების წინაშე დგას. ჩემს რესურსს სწორედ ამ გამოწვევების დაძლევას მოვახმარ. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ქალაქის სწორი და თანმიმდევრული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა თბილისელი 21 ოქტომბერს მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს თბილისისა და თბილისელების კეთილდღეობას!