ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ევროპაში, ამას აფხაზეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტში შესაძლოა, აფხაზეთის მხარდამჭერი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნას. აღნიშნულ ინიციატივას პოლიტოლოგები ქართული დიპლომატიის პასიურობას უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ფულით 5-10 კაციანი ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც მართალია, არც გავლენა ექნება და არც ჩვენი ქვეყანის დანგრევას გამოიწვევს, მაგრამ უსიამოვნო ნამდვილად შეიძლება იყოს.
როგორც აფხაზური მედიასაშუალებები აღნიშნავენ, სადეპუტატო ჯგუფი აფხაზეთის ე.წ. კეთლი ნების ელჩების საერთაშორისო ჰუმანიტარული ინიციატივების ლობირებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთ დეპუტატი, რომელიც ამ ჯგუფში გაწევრიანდება, პოლონელი ულტრა-მემარჯვენე ევროპარლამენტარი იანუშ კორვინ-მიკეა.
ის უკრაინამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მას შემდგ, რაც მან ოკუპირებული ყირიმი მოინახულა. იანუშ კორვინ-მიკე უკრაინას "პოლონეთის მტერს" უწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “პირველ რადიოს” უთხრეს, რომ ინფორმაცია შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უკვე აქვთ და ისინი დიპლომატიური არხების გზით ცდილობენ ამ საკითხზე სათანადო კომუნიკაცია განახორციელონ.
"პოლონელი ევროპარლამენტარის ხსენებული პოსტის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწოდეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და დიპლომატიური არხების გზით განხორციელდება სათანადო კომუნიკაცია ამ საკითხზე. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტი და ამ ორგანოში წარმოდგენილი დეპუტატები ერთხმად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ევროპის მიმართულებით ასეთი გააქტიურება პირველი არ არის. სექტემბერში, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანს მიმართა და სურვილი გამოთქვა, გაეროს ტრიბუნაზე სხვა ქევყნების მსაგავსად სიტყვით აფხაზეთის წარმომადგენელიც გამოსულიყო.
მაშინ, საოკუპაციო რეჟიმის “სამინისტროს” განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაეროს ტრიბუნიდან პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვის და ესტონეთის პრეზიდენტებმა დაგმეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და სუვერენიტეტის ხელყოფა, რითაც ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადეობის სურვილის დემონსტრირება მოახდინეს, რომ მათ არ სურთ აღიარონ და გაიზიარონ "აფხაზი ხალხის სურვილი და პოზიცია, დაიცვან საკუთარი კანონიერი უფლება, დამოუკიდებელ და თავისუფალ განვითარებაზე".
"გვინდა გავამახვილოთ გაეროს გენერალური მდივნის ყურადღება, რომ აუცილებელია შეიქმნას მექანიზმი, რითაც აფახაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გაეროს პროფილური სტრუქტურების სამუშაოში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიციის გახმოვანება ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის ხელს შეუწყობდა ქართულ -აფხაზური დაპირისირების განმუხტვისთვის და ქართულ - აფხაზური დიალოგისთვის საჭირო საფუძვლის მომზადებას”, - აცხადებდა სექტსემბერში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამინისტრო.
აღნიშნულ მოვლენებს და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ევროპის მიმართულებით გააქტიურებაზე “რეზონანსს” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი გააქტიურება ქართული დიპლომატიის პასიური პოლიტიკის შედეგია.
“მართალია, აფხაზები ბოლო პერიოდში ევროპაში გააქტიურდნენ, მაგრამ მე ასეთი ჯგუფის შექმნის წინაპირობას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ევროპასა და ევროპარლამენტში არც ერთი გამოსვლა და დისკუსია არ ყოფილა, არც ერთ სერიოზულ ევროპარლამენტარს, რომლის უკანაც სერიოზული ძალა დგას, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია და ამის საფუძველი არ არის. აფხაზი სეპარატისტების მხრიდან ეს უფრო სასურველის რეალობად დანახვის მცდელობაა.
“შესაძლებელია, 5-10 კაციანი ჯგუფი მართლაც შეიქმნას, რუსეთის ფულით, ეს გამორიცხული არ არის. თქვენ რა, გგონიათ, ევროპარლამენტარებს ჩვენს პარლამენტარებზე ნაკლებად უყვართ ფული? – მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პარლამეტარს ფული ერთნაირად უყვარს, ამიტომ გამორიცხული არ არის რუსეთის მხარდაჭერით რაღაც ჯგუფი შეიქმნას. მით უმეტეს ჩვენი, ქართული დიპლომატიის ასეთი პასიორობის ფონზე.
“დღეს ქართული დიპლომატია რეაგირების რეჟიმშია. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვტეხთ აურზაურს, ნატოს ან ამერიკის წარმომადგენლები საქართველოზე კარგს თუ იტყვიან ამ ჩამოვლენ, თორემ ყოველდღიური მუშაობა, გარდა იმისა რომ არ ჩანს, არც შედეგის მიხედვით იგრძნობა. ჩვენი მინისტრი რომ ღონისძიებებს აწყობს და ე.წ. ექსპერტებს იბარებს, რომლებსაც რაღაც ზღაპრებს უყვება და ისინიც თავს უქუცინებენ, ეს საქმე არ არის”, - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა ჯგუფი თუ სექტა შეიქმნას, ეს ევროკავშირისა და ევროპარლამენტის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოხდენს.
“ასეთი ჯგუფის შექმნით ქვეყანა არ დაინგრევა, მაგრამ არცთუ სასიამოვნო იქნება. აფხაზები იტალიაში ჩავიდნენ და სადღაც პატარა სეპარატისტულ რაიონებში შევხედრები გამართეს. ისინი ცდილობენ კონტაქტები დაამყარონ ვენეციასთან, კატალონიასთან… ცდილობენ, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. ეს დიდი პოლიტიკის ობიექტად არ იქცევა. ყოველ შემთხვევაში, იქიდან არ ჩანს ამის საშიშროება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია კარგად იქცევა და პრევენციულ ზომებს მიმართავს. არა - ეს თავად ევროპის პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა. ისინი ისე დააფრთხო ვენეციამ და კატალონიამ, რომ ახლა აფხაზების წუწუნს არავინ უყურებს. ამიტომ თვითონ პრეცედენტები მუშაობს აფხაზეთის საწინააღმდეგოდ”, - აღნიშნავს ცინცაძე.
მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები 7-8 წლის წინ სეპარატიზმს ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან მათ არ ეხებოდათ, ახლა კატალონიამ მსოფლიოს ყველა სეპარატისტს დათური სამსახური გაუწია, რადგან ევროპელები მიხვდნენ, რა საშიშროების წინაშე დგებიან. როდესაც კატალონიელი სეპარატისტების გამო ევროკავშირის დაშლაზე მიდგა საკითხი, ნახეთ, რა მკაცრი გახდა ევროკაბვშირი. ტუსკი ერთი მეორეზე მკაცრ განცხადებებს აკეთებს სეპარატისტების მიმართ და დღეს ამ ფონზე რაღაც სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდაგს აფხაზეთის მიმართულებით, ეს გამორიცხულია და ამასთან არასერიოზულიც იქნება.