სექტემბრის თვეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-9 საერთაშორისო კონფერენციას "მშენებლობისა და არქიტექტურის პრობლემებზე". "რეზონანსი" კონფერენციის მიზნებისა და შედეგების შესახებ ესაუბრა მის ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს საქართველოში, ააიპ "განათლებისა და მეცნიერების პროგრესის" პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა ყიფიანს.
"რეზონანსი": - თქვენი თაოსნობით ბათუმში გაიმართა რიგით მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია თანამედროვე პრობლემებზე არქიტექტურასა და მშენებლობაში. რას გვეტყვით ამ კონფერენციის შესახებ, კონკრეტულად რა თემები იქნა განხილული, ვინ იყვნენ მომხსენებლები, რა შედეგის მომტანი იქნება იგი?
გელა ყიფიანი: - კონფერენციის მიზანი იყო ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დაინტერესებულ პირებს კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობაში, ასევე მათი თანაპარტნიორობით საგრანტო პროექტების შესრულებაში, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების თანახელმძღვანელობაში. კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა და უნივერსიტეტი ავტომატურად მიიჩნევა დამფუძნებლად.
პირველი და მეორე კონფერენცია ჩატარდა სომხეთში, ქ. ჯერმუკში, სომხეთის ნაციონალური არქიტექტურული სამშენებლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით. შემდეგ შემოუერთდათ პეკინის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო უნივერსიტეტი (ჩინეთი), სადაც იყო მესამე კონფერენცია. მეოთხე კონფერენციას უმასპინძლა ჩესტოხოვოს ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (პოლონეთი), მეხუთეს - სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტმა (რუსეთი), მეექვსეს - ოსტრავის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (ჩეხეთი), მეშვიდეს - ფლორენციის სამშენებლო-საინჟინრო უნივერსიტეტმა (იტალია), მერვე კონფერენცია ჩატარდა ისევ სომხეთში, ქ. ერევნის უნივერსიტეტში და ამავდროულად აღინიშნა ამ უნივერსიტეტის 95 წლის იუბილე.
ერევანში გადაწყდა, ჩატარებულიყო მე-9 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში და მე, როგორც ყველა კონფერენციის მონაწილეს, სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სექციის თავმჯდომარეს, საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრს, დამევალა კონფერენციის ორგანიზება ქ. ბათუმში. ასეთი ძლიერი შემადგენლობის კონფერენციის ჩატარება მეტად რთულია და გაწეული დახმარებისთვის, მინდა, ქრონოლოგიურად დავასახელო ყველა, ვინც წილი დაიდო ამ საქმის ორგანიზებაში: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი სერგო ტეფნაძე, რომელმაც გამომიყო დრო, რომ დავკავებულიყავი კონფერენციის საქმეებით; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი მერაბ ხალვაში, ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი გაიოზ ფარცხალაძე და მთელი მათი გუნდი; უდიდესი დახმარება გამიწია საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ბატონმა კახა კალაძემ, ასევე ელექტროკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ბატონმა სულხან ზუმბურიძემ. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახას ასეთი ძლიერი თანადგომისთვის. ამ კონფერენციისთვის სპეციალურად ჩამოისხა ქართული ღვინო საფერავი, რისთვისაც ბატონი ზვიად გურაშვილის მადლიერი ვარ.
კონფერენციის დღეს მოვისმინეთ ბათუმის უნივერსიტეტის პრეზენტაცია დაარსებიდან აქამომდე, რომელიც თავად რექტორმა (!) ჩაატარა. ჩემი უდიდესი თვალსაწიერის მიუხედავად, ასეთი რამ არ შემხვედრია, მან უდიდესი პატივისცემა და შეფასება დაიმსახურა მოწვეული სტუმრებისგან.
უღრმესი მადლობა მინდა გამოვუცხადო აჭარის სახელმწიფო ტელევიზიასა და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნათია კაპანაძეს, ტელევიზია "ერა"-ს ხელმძღვანელს, ბატონ მერაბ (გია) მეტრეველს, რომელმაც გახსნის წუთიდან სრულად გადაიღო მთელი კონფერენცია სექციების ჩათვლით და ყველა სტუმარს გადასცა სრული ჩანაწერი.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ უცხოელი სტუმრები: სომხეთიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - ერევნის ნაციონალური არქიტექტურულ-სამშენებლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გაგიკ გალსტიანი), ჩინეთიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - პეკინის საინჟინრო-სამშენებლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზანგ აილინი), პოლონეთიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი იაროსლავ რაიჩიკი), რუსეთიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - სანკტ-პეტერბურგის არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი ევგენი სმირნოვი), ავსტრალიიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - ქ. სიდნეის პურმონტის რეგიონული სამშენებლო ინჟინერიისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, დოქტორი მარტინ მამოუნ კანანი), ჩეხეთიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლენკა ლაუსოვა), ბელარუსიდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - ბელარუსის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი სერგეი ხარიტონჩიკი - კონფერენციის შემდეგ ის აირჩიეს ამ უნივერსიტეტის რექტორად, ვულოცავთ), უკრაინიდან (კიევი, ოდესა, ხარკოვი - ხელქძღვანელი - კიევის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი, პროგრამა "ლირა საპრის" მომზადების დირექტორი მარია ბარაბაში), ასევე 8 ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდა გამომცემლობა "უნივერსალის" (დირექტორი გოჩა ხარებავა) მიერ 200-200 ეგზემპლარი ინგლისურ ენაზე: მოხსენებათა შრომების კრებული; მოხსენებათა თეზისების კრებული, პროგრამები, პლაკატები. შემოსული 120 მოხსენებიდან დაიბეჭდა 101, მაგრამ ყველა (120) გადაიგზავნა სკოპუსის ჟურნალებში გამოსაცემად.
კონფერენციაზე მუშაობდა 6 სექცია:
1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა;
2. ტრანსპორტის პრობლემები სამოქალაქო მშენებლობაში;
3. არქიტექტურის პრობლემები;
4. სამშენებლო კონსტრუქციებისა და კომპოზიციური მექანიკის პრობლემები;
5. სამშენებლო მექანიკისა და ნეგებობათა სეისმომედეგობის პრობლემები;
6. საინჟინრო სისტემები და ანალიზი.
აქვე დავამატებ, რომ მე-10 საიუბილეო კონფერენცია გაიმართება ჩინეთის ქალაქ პეკინში. საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით გარდამავალი დროშა გადაეცა პეკინის უნივერსიტეტის რექტორ ზანგ აილინს.
"რ": - რა უპირატესობა და ნაკლი გამოიკვეთა კონფერენციის შედეგად, რა პრობლემები და რა წარმატებებია საქართველოს სამშენებლო სექტორში?
გ.ყ.: - ქართველი სპეციალისტებისთვის, საქართველოს ტერიტორიის მაღალი აქტივობის სეისმურ ზონაში განლაგების გამო, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სეისმომედეგი მშენებლობა. ცნობილია, რომ წინა წლებში ქართველი მეცნიერები და დამპროექტებლები საყრდენ პოზიციებს იკავებდნენ. ჩვენს განკარგულებაში იყო უმძლავრესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზები. 2004 წლიდან "მშენებლობისა და არქიტექტურის სამინისტროს რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება და საბოლოოდ გაუქმდა.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენ მოვისმინეთ მოხსენებები სეისმომედეგ მშენებლობის დარგში უცხოელი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე. იმის გამო, რომ ჩვენი სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზები გაუქმდა, "თბილზნიეპის" პირველხარისხოვანი ექსპერიმენტული ბაზა, მას მიჰყვა ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი და ა.შ., საინტერესო იყო მეზობელი სომხეთის, ჩინეთის, უკრაინის, სლოვენიის, რუსეთის, ავსტრალიისა და სხვათა მოხსენებები განსაკუთრებით ანტისეისმოიზოლაციის სისტემების გამოყენების თაობაზე. იხ.კონფერენციის სექციის ხელმძღვანელ მალხაზ ბედიაშვილის მოხსენება -დაიბეჭდა პრესაში.
დღეს, მაგალითად, სომხეთში, მათი ცნობით, საბავშვო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს აშენებენ მხოლოდ სეისმოიზოლაციური მოწყობილობით. ჩვენშიც უნდა დაინერგოს ეს სისტემა. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, უკვე აშენებული შენობებიც გადავიყვანოთ უსაფრთხო იზოლაციის რეჟიმზე, მაგრამ საჭიროა ამის სურვილი. დღემდე საქართველოში ანტისეისმური იზოლაცია გამოყენებული იქნა ესტაკადებში პროფესორ თამაზ შილაკაძის მიერ.
საქართველოს სეისმომედეგი საშენი მასალების წარმოებისა და გამოცდისთვის სპეციალურ საშენ მასალათა ინსტიტუტი და მისი სამეცნიერო ექსპერიმენტული ბაზა არსებობდა, რომელიც გაუქმდა ასევე. აღნიშნულ პრობლემებს ეხება პროფესორ გიორგი სადაღაშვილი ორტომეულში სამშენებლო კლიმატოლოგია.
რაც შეეხება მშენებლობისას ეკოლოგიური ნორმების დარღვევას, ამ საკითხებზე პროფესორ ანზორ საკანდელიძის კარგი მასალა იყო პრესაში (გაზეთი "რეზონანსი").
აღსანიშნავია, რომ ჩვენს არქიტექტორებს "ხელიდან გამოსტაცეს" საინტერესო და მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტირება - მოიწვიეს მეცნიერები უცხოეთიდან. არადა, ჩვენი არქიტექტურული სკოლა ძალიან ძლიერია.
"რ".: - რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი სიტუაციიდან, როგორ მონაწილეობენ დღეს ქართველი მეცნიერები ამ მიმართულებით სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში და რა წინსვლას უნდა ველოდოთ?
გ.ყ.: - ძალიან დიდი შეცდომა იყო დოქტორის აკადემიურ ხარისხზე გადასვლა. ჩვენ მზად არ ვიყავით ამისთვის. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის როგორც დოქტორის აკადემიური ხარისხი, ასევე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. არ არის ზემდგომი ანუ მაკონტროლებელი ორგანო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "3DFR4-bc(Dscifz Fnntcnfwbjyyfz Rjvbcbz) ფუნქციებს საქართველოში ასრულებდა სწავლულ ექსპერტთა საბჭო, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საუკეთესო პიროვნებასთან, ბატონ მინდია სალუქვაძესთან. იყო შემთხვევები, "არ გაგვიშვია" საკანდიდატო და თვით სადოქტორო ნაშრომები სხვადასხვა მიზეზის გამო. უნივერსიტეტებში იყო ე.წ. წინასწარი დაცვა, ამას ტექნიკის დარგში ვკურირებდი 10 წელი. სადისერტაციო ნაშრომებზე ბევრი ინფორმაცია მაქვს ძველიც და ახალიც. თუ ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, მზად ვარ, მოგაწოდოთ ინფორმაცია უფრო დეტალურად. დღეს დოქტორის აკადემიური ხარისხი თითქმის უტოლდება ჩემი დროის საკურსო ნაშრომებს, ან უფრო ნაკლებია. პლაგიატზე აღარ ვსაუბრობ. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში მეცნიერება საერთოდ აღარ იარსებებს. არ ვგულისხმობ ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ასევე ეკონომიკურ მეცნიერებებს.
ამ საკითხებზე მუშაობდა ჩემი გუნდი და შემიძლია, დაწვრილებით მოვყვე, რა ხდება დღეს მეცნიერებაში.
მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტსა და წევრებს - აუცილებელია, დოქტორის აკადემიურ ხარისხთან ერთად დავუბრუნდეთ ორ დაცვას (საკანდიდატო, სადოქტორო), ან ორი საფეხურის დაცვას - პირველი PhD და მეორე საფეხური დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ქვეყანას, სადაც მეცნიერება წინ არ მიდის, განვითარება არ უწერია. უცხოელების მოწვევა კი დიდ დათვურ სამსახურს გვიწევს, რაც მოგვიანებით გამოჩნდება.