(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
"სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას და სწორედ ეს არის დიდი სხვაობის მიზეზი.
"ქართული ოცნება" ახდენს თავისი ხარჯების და შემოსავლების დეკლარირებას, ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომელიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც სამწუხაროდ თავის შემოსავლებს და ხარჯებს მალავს. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა კობახიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ" ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ" - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა" - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ" - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.