რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) საქართელოს პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს სავარაუდოდ 2018 წლის მარტში მიიღებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ გაწერილი გრაფიკის თანახმად, 2017 წლის ბოლომდე ახალი ცვლილებების მიღება ორი მოსმენით მოხდება, 2018 წლის მარტში კი უკვე მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება.

"იურიდიულად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, ანუ ხელი მოეწერება დოკუმენტს და გამოქვეყნდება. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში შეგვეძლება ამ დოკუმენტის ინიცირება. აქ ასახული იქნება მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა. საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას, ასევე ბონუსის სისტემის გაუქმებას, ასევე რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი გადაისინჯება. ასევე რეკომენდაცია იყო ორ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას შეეხებოდა.

„ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ აქაც შესაბამისი ნორმების გადასინჯვაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ასევე, საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან მიმართებაში და ეს პუნქტიც იქნება გადასინჯული. ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი", - განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×