(რეზონანსი) ქედაში, სოფელ ოტომბერში, მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს.
გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა - აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც - სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო.
ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა.
,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა, ბაჯელიძეების ოჯახი სამინისტროს განსახლების პროგრამაში იყო ჩართული და სახელმწიფოსგან 25 000 ლარი რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ შეუძენია, ამ დროისთვის ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი," - ამბობს დუმბაძე.