რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საზოგადოება ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მერია ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე ეფექტიანად ზრუნავდეს, მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ემსახურებოდეს. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, კოორდინაციის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა.

მისივე განმარტებით, მოხდება ასევე, ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანობის ზრდა.

„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.

„მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ", - დასძინა კალაძემ.

მისივე თქმით, მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ასევე, ონლაინ სისტემების დანერგვა იქნება, რომლის განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×