დარღვევები და ხმაური საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების თანმდევი პროცესია, თუმცა ამ არჩევნებზე გარკვეული განსხვავებული ტენდენციებიც შეინიშნება.
საბიუჯეტო რესურსების გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება, ზეწოლა-მუქარა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წინასაარჩევნოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა.
წინასაარჩევნო დარღვევები
თვითმმართველობის არჩევნებს 21 ოქტომბერს 71 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. სამოქალაქო სექტორის ძირითადი რესურსი, სავარაუდოდ, მიმართული იქნება მარნეულში, ასპინძაში, გორსა და ოზურგეთში, იმ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა.
დარღვევები მოხვდა "სამართლიანი არჩევნების" ობიექტივშიც. თუმცა, მიხეილ ბენიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული არჩევნების ანალიზის საფუძველზე გარკვეულ პოზიტიურ ტენდენციასაც ხედავს.
"კამპანიის გაქტიურებასთან ერთად ზეწოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახშირდა. ეს ფაქტები ძირითადად ხდება ოპოზიციურ ან დამოუკიდებელ კანდიდატებთან დაკავშირებით. მათ სთხოვენ, რომ კანდიდატურები მოხსნან.
"ასევე ვნახეთ საეჭვო ფაქტი თეთრიწყაროში, სადაც "ევროპული საქართველოს" კანდიდატებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც საეჭვო და შემაშფოთებელი ფაქტია. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი დაფიქსირდა. შარშან ამას ტენდეციური ხასიათი ჰქონდა, წელს ეს არ შეინიშნება.
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდეცია გამოიკვეთა, განსაკუთრებით - თბილისში, სოციალურ ქსელებში ხდება ოპოზიციური პარტიების კანდიდატების დისკერდიტაცია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, დააფიქსიროს თავისი აზრი, მაგრამ რაც დავინახეთ, ეს არის ორგანიზებული. რაღაც გვერდებია შექმნილი, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. ისინი, ძირითადად, დეზინფორმაციას ავრცელებენ და ასეთი პოსტები არის დასპონსორებული.
"ფეისბუქის" გამოყენება ახალი არ არის, მაგრამ წელს უფრო მეტად აქვს ორგანიზებული სახე. ასე რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვხედავთ ასეთი სახის დარვევებს. დანარჩენი დარღვევები არ არის ახალი. ასეთი რამ ხშირად გვხვდება, მაგრამ, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას - ბოლო რამდენიმე წლის ანალიზს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ ტენდენცია პოზიტიურია", - უთხრა "რეზონანსს" ბენიძემ.
"ძირითადად გვაქვს დარღვევები რესურსის გამოყენებაზე, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობაზე. ასევე ცესკო-ში შევიტანეთ რამდენიმე განცხადება, როდესაც საჯარო მოხელეები არღვევდნენ კანონმდებლობას და უკანონოდ მონაწილეობდნენ აგიტაციაში ან რესურსს იყენებდნენ.
"ასევე დავინახეთ სისტემური პრობლემა, საბავშვო ბაღების მასწავლებლების ჩართულობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამის თაობაზე ვაცნობეთ უწყებათაშორის კომისიასა და აუდიტის სამსახურს.
"ფაქტი ჩვენს მონიტორებს კახეთში მომუშავე ბაღის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. როგორც მათ განაცხადეს, მათ ვალდებულება აქვთ, დაესწრონ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შეხვედრებს და მხარდამჭერთა სიები წარადგინონ.
"რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებებს, ეს ვნახეთ საკრებულოს წინ, მარნულში და მერიის წინ.
"სავარაუდო ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა თეთრიწყაროს რაიონში - "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაცია გაუქმდა, რატომღაც ყველას ახლა მოუნდა საზღვარგარეთ წასვლა. მათ წინა დღეებში მოხსნეს კანდიდატურა და უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც, გარკვეულწილად, ეჭვს აჩენს", - ამბობს "რეზონანსთან " საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური. მისივე თქმით, ზეწოლის ფაქტებს ასევე ადგილი ჰქონდა ასპინძაში, დმანისსა და ოზურგეთში.
"ყურანზე დაფიცების მუქარა და გარკვეული სახის შიდა პარტიული დაპირისპირება. ასპინძა, ოზურგეთი და გორი მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ამ ოლქებში არჩევნები და საარჩევნო პროცედურები", - გვითხრა ტალიურმა.
განსხვავებული არჩევნები
ზეწოლა, ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნების თანამდევია. თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, წლევანდელ არჩევნებზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი და განსხვავებული ტენდენციაც.
ინტრიგა, პოლიტიზირება და ერთპარტიულობა, პოლიტოლოგების აზრით, ეს ის საკითხებია, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს წინა არჩევნებისგან განასხვავებს.
"ძალიან ბევრი რამით განსხვავდება ეს არჩევნები წინა არჩევნებისაგან, პირველ რიგში - ინტრიგით, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" წონიანი კანდიდატურა წარმოადგინა. რასაკვირველია, ყველამ იცოდა, რომ ამ თანამდებობას უბრძოლველად არ დათმობდა, მაგრამ რთულად საპროგნოზო იყო, რომ ყველაზე მძიმეწონიანსა და პერსპექტიულ მოთამაშეს გამოიყვანდა.
"ასევე არის ის, რომ ოპოზიციამ ამჯერადაც ვერ მოახერხა გაერთიანება. ასევე პირველად გამოჩნდა უსისტემო კანდიდატი, რომლის უკანაც პარტია არ დგას და არც მძიმე რესურსი აქვს. მაგრამ მას რეიტინგი აქვს და წინ გაიქცა", - უთხრა "რეზონანსს" სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს კი ასეთი პოლიტიზირებული თვითმმართველობის არჩევნები არ ახსენდება.
"ეს არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ, მე მგონი, ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების კანდიდატების შედეგებს შორის ძალიან დიდი განსხავება იქნება. სხვა არჩევნებთან შედარებთ ჩანს, რომ ერთპარტიული არჩევნებია და ყველგან ერთი პარტია გაიმარჯვებს", - გვითხრა საყვარელიძემ.
დუმილის, მაგრამ ხმაურიანი დღის მოლოდინში
წელს სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში, გასული წლის არჩევნების მსგავსად, პოლიტოლოგ-ექსპერტები მცირე ლოკალურ დაპირისპირებებს ელოდებიან. მათი თქმით, ამის ნიშნები უკვე შეინიშნება, თუმცა თანხმდებიან, რომ ეს იქნება მცირე შეხლა-შემოხლა და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება.
"საქართველოში ინციდენტებს ყოველთვის ველოდები და მე მგონი, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. მით უფრო, რომ თბილისში ორი აქცია გაიმართა, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
"როდესაც პირველი ინციდენტი მოხდა მერიასთან და ვნახე თავგატეხილი აქტივისტები, გამახსენდა, როგორ იწყებოდა სააკაშვილის პოლიტიკური ტრაგედია. როცა სისხლი გამოჩნდება, ეს უკვე ძალიან ცუდია და ამის დავიწყება რთულია.
"შემდეგ იყო მეორე ინციდენტი საკრებულოსთან, რომელსაც არ ველოდი. ჩემი აზრით, ამ დეპუტატების შეშვება-არშეშვება არაფერს ცვლიდა. იქნებოდა დარბაზში ხმაური, მაგრამ "ოცნება" მაინც შეძლებდა საკითხის დამტკიცებას.
"არჩევნების დღეს დაძაბულობა იქნება სამცხე-ჯავახეთსა და მარნეულში, რადგან ის ფეთქებადი რაიონია. აზერბაიჯანელები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან, ყოველთვის ხელისუფლებას აძლევენ ხმას.
"სომხური მოსახლეობა კი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამიტომ, თითქმის ყველა პარტიას ჰყავს მხარდამჭერები სომხურ მოსახლეობაში. სწორედ იმიტომაც ხდება იქ ინციდენტები.
"ასე რომ, თუ რაღაც დაპირისპირება მოხდება, ეს იქნება ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში. პროვოკაცია მოსალოდნელია არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსებისაგან, რომლებმაც იციან ეს სიტუაცია. ერთი სიტყვით, პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება და ამაში სიახლე არაფერია", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მის აზრს იზიარებს რამაზ საყვარელიძეც. თუმცა, მისი თქმით, ინციდენტები იქნება ლოკალური ხასიათის და დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება.
"ხმაურის გარეშე არც ეს არჩევნები ჩაივლის, მაგრამ ეს ინციდენტები არ გასცდება ქალაქს. მეეჭვება, რომ ეს დაპირისპირებები რომელიმე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყოს", - ამბობს საყვარელიძე.
ვინ წავა და ვინ დარჩება სახლში
როგორც წესი, თვითმმართველობის არჩევნები მოსახლეობის დაბალი აქტივობით ხასიათდება. თუმცა, ამ შემთხვევაში თავის კონსტიტუციურ უფლებას რამდენი ადამიანი გამოიყენებს, ერთ კვირაში გაირკვევა. მანამდე, რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, შესაძლოა, წელს მოსახლეობის მეტი აქტიურობა დაფიქსირდეს, ვიდრე წინა ადგილობრივ არჩევნებზე.
"საქმე ისაა, რომ ადრე სოციოლოგიურ გამოკითხვებში უფრო დიდი პროცენტი ფიგურირებდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ წავიდოდნენ არჩევნებზე ან არც ერთ პარტიას არ მისცემდენ ხმას. ეს რიცხვი 30%-ს უახლოვდებოდა. რამდენიმე დღის წინ "რუსთავი-2"-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში ეს რიცხვი დასულია 20%-მდე. როგორც წესი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს კიდევ იკლებს.
"მოსახლეობის ნაწილი მაინც იღებს გადაწყვეტილებას და მიდის არჩევნებზე. ასე რომ, თუ ვენდობით ამ გამოკვლევას, აქტიურობა არ იქნება დაბალი, ყოველ შემთხვევაში, არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე ადგილობრივ არჩევნებზე", - ამბობს საყვარელიძე.