(რეზონანსი) თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.
სკოლის მოსწავლების განცხადებით, კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ.
მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრ ნათია მახარაშვილის. მისი თქმით, კეზუამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სამი მოსწავლე სცემა, ერთ-ერთი ბავშვი ექიმმაც შეამოწმა და სხეულზე დაზიანებები დააფიქსირა.
მახარაშვილი აცხადებს, რომ სკოლის პედაგოგმა შეურაცხყოფა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლესაც მიაყენა.
„აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლეს, კეზუამ „თათარი" უწოდა, ასევე უთხრა „აზერბაიჯანულ ქორწილში არ ვყოფილვარ, უნდა გაგათხოვო". მოგვიანებით ამავე პედაგოგმა ამ ბავშვს ძვირადღირებული ჩანთა დაუხია, რასაც მშობლის პროტესტი მოყვა", - ამბობს მახარაშვილი.
სკოლის დირექტორი, მარიამ თავართქილაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოსწავლეები ამბობენ, მათ დამრიგებლებს გაათავისუფლებს.
"ჩვენი პროტესტის შემდეგ დირექტორმა გამოგვიგზავნა მე-11 კლასის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც მარიამ თავართქილაძის დანაბარები გადმოგვცა, რომ თუ საპროტესტო აქციას არ შევწყვეტთ, ყველა იმ კლასის დამრიგებელს გაათავისუფლებს, რომლის მოსწავლეებიც დოდო კეზუას მხარდსაჭერად აქციას ვმართავთ", - აცხადებენ მოსწავლეები.
როგორც თავართქილაძემ განაცხადა, კომენტარს მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთბს.