(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს მიერ „პოლიციის შესახებ" კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
„შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს.
„პოლიცია არის აპოლიტიკური და ნეიტრალიტეტის პრინციპს ინარჩუნებს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი გააკეთოს",- განაცხადა მღებრიშვილმა.