რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) 12 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას აქვეყნებს. არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევისას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს.

„ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი სახალხი დამცველის შერჩევის პროცესს დაიწყებს. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა. არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი დაპირებები კი მნიშვნელობას ისეთი პროცესის დროს იღებს, როგორც სახალხო დამცველის არჩევაა.

"შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA); "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF); "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (Cida); "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" (IDFI); "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC); "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"; "ლიბერალური აკადემია"; "მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×