კახა კალაძე: "თბილისის მერია ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე ეფექტიანად უნდა ზრუნავდეს"
მარი ჩიტაია
19.10.2017

 თბილისის მართვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ეფექტიანი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია, კოორდინაციის გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდაა. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "სიცოცხლით სავსე ქალაქის" ერთ-ერთ ძირითად უპირატესობად მართვის პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიიჩნევს. თუ როგორ გეგმავს დასახული მიზნის მიღწევას, მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიწვეულ საზოგადოებას მან ამომწურავად განუმარტა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორცილებს. კახა კალაძის გეგმით, დედაქალაქის მერიის რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მუშაობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთან, თბილისის მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი სისტემების დანერგვა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია და კოორდინაციის გაძლიერებაა.

"ჩვენი მიზანია, რომ თბილისის მერია ქალაქისა და საზოგადოების ინტერესებზე ეფექტიანად ზრუნავდეს, მოქალაქეებს სწრაფად, ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ემსახურებოდეს. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის განვითარებაში და ქალაქის თვითმმართველობას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს. მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება. შესაბამისად, გვექნება სამსახური, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას გაატარებს", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე კახა კალაძემ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზეც ისაუბრა. მართალია, მერიამ 145 ახალი ავტობუსი ჩამოიყვანა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ყვითელი ავტობუსები სრულად უნდა ჩანაცვლდეს. ამისთვის თბილისს 700 ახალი ავტობუსი სჭირდება.

ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით კი, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.

"მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწავთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24-საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ. მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა, ასევე, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობილი ღია და გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექნოლოგიური ნაწილის პრეზენტაცია უფრო ვრცლად კალაძის თანაგუნდელმა ლაშა კვანტალიანმა მოაწყო. მისი თქმით, ეს არის მერიის ციფრული ანალოგი. მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი სერვისი სახლიდან გაუსვლელად.

"ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტია, მაგრამ დღეს აქცენტი დაისვა იმ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც უშუალოდ მართვის პროცესში გამოვიყენებთ. ცხადია, ეს არ იქნება მხოლოდ განაცხადების მიღების სისტემა. ამ სისტემის უკან იმუშავებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული ვერსია, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს იმ დროს, რომელიც დღეს სჭირდება ამა თუ იმ განაცხადის დამუშავებას. შეიძლება, კონკრეტულ განცხადებაზე პასუხის მიღების ვადა რამდენიმე დღიდან რამდენიმე საათამდე შემცირდეს", - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

მართვის პოლიტიკის პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან ერთად, მინისტრები - დავით სერგეენკო, ილია ელოშვილი, კახა კახიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს.

"ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ. ვფიქრობ, თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება", - განაცხადა სერგეენკომ.

ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის განცხადებით, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის განვითარებითვის დაგეგმილი ღონისძიებები მიღწევადია.

"ჩემთვის კახა კალაძის მართვის სტილი ყველაზე კარგადაა ცნობილი. ის იყო წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, კალაძე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი თბილისის ისტორიაში. განსაკუთრებით მომწონს, რომ იგი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე ქალაქის მართვაში. ეს მოხერხდება სპეციალური პროგრამების საშუალებით. ყველა მის მიერ დაგეგმილი პროგრამა, რომლებსაც თბილისის მართვისას განახორციელებს, სავსებით მიღწევადია", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×