რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) „ეი-სი თი"-მ თბილისელებს დაუსვა კითხვა - „თქვენ რომ თბილისის მერი იყოთ, დედაქალაქში არსებულ რომელ საკითხებს მიხედავდით პირველ რიგში?" ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა აჩვენებს, რომ მოსახლეობისათვის ნომერ პირველ საკითხს დასაქმება წარმოადგენს. თბილისელებმაც ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.

დედაქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ მერობის შემთხვევაში დასაქმების პრობლემას მოაგვარებდა. ყოველი მესამე თბილისელისათვის (30%) პრიორიტეტულ საკითხს ქალაქში საცობების პრობლემის მოგვარება წარმოადგენს, დაახლოებით იგივე რაოდენობა (27%) სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს; 23%-თვის მშენებლობის საკითხების მოგვარებაა მნიშვნელოვანი.15%-ს კი რეკრეაციული ზონების მოწყობა სურს.

კვლევა აჩვენებს, რომ ქალებსა და კაცებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. კერძოდ, კაცები მეტად აკეთებენ აქცენტს საცობების საკითხზე (კაცი - 38%; ქალი - 23%), მშენებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე (კაცი - 30%; ქალი - 19%) და პარკირების პრობლემაზე (კაცი - 18%; ქალი - 10%). ქალებისათვის კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს პრიორიტეტს (ქალი - 31%; კაცი - 22%).

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 6-დან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×