"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ისნის რაიონის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს. მისი თქმით, ერთია, იცოდე, რა აწუხებს მოსახლეობას და მეორეა - გქონდეს რეალური შესაძლებლობა პრობლემების დაძლევისა. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა სწორედ ამის შესაძლებლობა მისცა.
დედაქალაქის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მათი განხორციელების გეგმებზე "რეზონანსი" "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ესაუბრა.
ნინო ლაცაბიძე: "გარდა იმისა, რომ ჩვენ ისნის რაიონს შევთავაზებთ რაიონის პრობლემებზე ორიენტირებულ პროგრამას, რომლის განხორციელებითაც რეალურად შევძლებთ ამ რაიონის განვითარებასა და მოსახლეობისათვის ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლას, მე ვიქნები ისნის რაიონის მცხოვრებთა ხმა თბილისის საკრებულოში. მოსახლეობასთან მუდმივი შეხვედრების შედეგად მექნება სრული სურათი იმ პრობლემებისა თუ საჭიროებებისა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. მუდმივად გავუწევ მონიტორინგს ბიუჯეტის განკარგვასა და ყველა პროექტის აღსრულებას, რაც რაიონში დაიგეგმება".
"რეზონანსი": რა არის ქალაქის, კონკრეტულად კი ისნის რაიონის მთავარი გამოწვევა?
ნ.ლ: ერთია, იცოდე, რა აწუხებს მოსახლეობას და მეორეა - გქონდეს რეალური შესაძლებლობა, მათი პრობლემები დაძლიო. მე დღეს "ქართული ოცნება" ამ შესაძლებლობას მაძლევს. გამარჯვების შემთხვევაში შევძლებ მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთის გაკეთებას. სამწუხაროდ, სოციალური პრობლემები პირველ ადგილზეა. უფრო ეფექტური პროგრამები უნდა შევიმუშაოთ და განვახორციელოთ. მოსაწყობია ინფრასტრუქტურაც, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები. რეკრეაციული ზონების ნაკლებობა აშკარაა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. მომავალი თაობების სწორი აღზრდისთვის აუცილებელია, სპორტული ინფრასტრუქტურა იყოს მეტად ხელმისაწვდომი. თითოეული ეს მიმართულება, გარწმუნებთ, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება.
"რ": საკმაოდ დიდი რაიონია და ამ პრობლემების მოგვარებისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ ხართ მზად?
ნ.ლ: მუშაობა საკმაოდ ახალგაზრდამ ძალიან დაბალი საფეხურიდან დავიწყე მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე. ჩემს მოვალეობაში 8 საათი მერიის შესასვლელ კართან დგომა და მოქალაქეებისთვის მიმართულების მიცემა შედიოდა. არ იყო ადვილი, საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ვიყავი და მოლოდინიც მეტი მქონდა, თუმცა ცხოვრების ეს პერიოდი ღირსეულად დავძლიე და საკუთარი შემართების, შრომისმოყვარეობისა და განათლების წყალობით აქამდე მოვედი. გავიარე თითქმის ყველა პოზიცია, კონსულტანტობიდან სამსახურის უფროსობამდე, რამაც უდიდესი პროფესიული გამოცდილება შემძინა. ამ წლების განმავლობაში მუდმივად მქონდა შეხება თანამოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. ჩემთვის არაა უცხო შრომა წარმატებისთვის, შრომა იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალო არსებული და დაეხმარო ადამიანებს. მე მზად ვარ ამისთვის და სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ოთხი წლის განმავლობაში დამეკისრება.
"რ": როგორ აპირებთ საკრებულოსა და მერიასთან ერთად თქვენი ხედვის განხორციელებას?
ნ.ლ: როგორც მერია, ასევე საკრებულო თანაბრად იქნება ჩართული ქალაქში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებაში, კომპეტენციის შესაბამისად. ჩვენ მიერ გატარებული სწორი ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა სიცოცხლით სავსე ქალაქის საწინდარი იქნება.
"რ": სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით რა მიმართულებას ირჩევთ, როგორ აპირებთ კონკრეტული საკითხების მოგვარებას?
ნ.ლ: კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაში სოციალური პოლიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. არსებობს გეგმა და ხედვა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებაც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. ჩვენ ვაცნობიერებთ სწორი სოციალური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას და ძალას არ დავიშურებთ ამ მიმართულებით, რადგან ეს ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ეხება.
"რ": ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?
ნ.ლ: კონკურენტად ამა თუ იმ პიროვნებაზე მეტად ის პრობლემები და გამოწვევები მიმაჩნია, რაც დედაქალაქის და, კერძოდ, ისნის რაიონის წინაშეა.