(რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზად არის 3 644 საარჩევნო უბანი, საარჩევნო ოლქებს ბიულეტენები და ოქმები უკვე გადაეცათ.
ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს.
ცესკოს ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.
რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი (20 641) და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4000-ზე მეტი (4 820) ჟურნალისტი.
ხვალ, დილის 08.00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩეველთა მისაღებად მზად იქნება.