თიკო ოსმანოვა
21.10.2017

 არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, მორიგი სამთავრობო ცვლილება განხორციელდეს. კულუარული ინფორმაციით, ცვლილება განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შეეხება. მმართველ გუნდში ამაზე ღიად არავინ საუბრობს. მიაჩნიათ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ჯეჯელავას მოსალოდნელი შეცვლის საკითხს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მის მიერ დაანონსებული სამთავრობო ცვლილების ლოგიკური აუცილებლობა მოგვიანებით დადგება.

"თქვენ ესაუბრებით პარალმენტის წევრს და არა პრემიერ-მინისტრს. რატომ გგონიათ, რომ ამას დაგიდასტურებთ?! ჩვენი კონსტიტუციური სისტემა ითვალისწინებს, რომ მთავრობის წევრების შეცვლა არის პრემიერის პრეროგატივა, პარლამენტი კი კენჭს უყრის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას. ასე რომ, კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, ჯეჯელავას გაუშვებს თუ დატოვებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ჩვენს შეხსენებაზე, რომ მან სამთავრობო ცვლილების "ლოგიკურ აუცილებლობაზე" ახლახან ისაუბრა, გვპასუხობს: "სამთავრობო ცვლილების ლოგიკური აუცილებლობა დადგება და ეს იქნება მოგვიანებით".მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილების შესახებ არაფერი სმენია დეპუტატ გუგული მაღრაძეს, თუმცა ამბობს, რომ ცხოვრება დინამიკურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ასეთი ცვლილების შესახებ გუნდში არავინ საუბრობს. არჩევნების წინ მოსახლეობა ამაზე ყოველთვის იწყებს საუბარს. ჩვენი ხალხი ძალიან დაინტერესებულია პოლიტიკური ცვლილებით და პოლიტიკით და ალბათ ამის გამოძახილია. პარტიაში ამაზე საუბარი არ არის.

"არჩევნები არის ადგილობრივი და მთავრობის ცვლილებას არ ეხება. ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ დროს მთავრობაში არ არის მოსალოდნელი. 1-2 მინისტრი თუ სხვადასხვა გარემოების გამო გადავა და გადმოვა, ეს საზოგადოების განხილვის საგანი არ არის.

"ჯეჯელავა არის ძალიან საინტერესო მინისტრი, აქვს ძალიან კარგი ხედვა. შეიძლება ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ სწორი ხედვა აქვს.

"განათლება და ფეხბურთი არის ის სფეროები, სადაც საქართველოში ყველას აქვს თავისი კომპეტენტური აზრი. ამიტომ ამ მხრივ ცვლილების და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ძნელია. მაგრამ ხედვაში აბსოლუტურად ვეთანხმები ალექსანდრეს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ოფიციალურად არც ერთი მინისტრის ცვლილება არ იგეგმება, დიდი მოლოდინი ამისა არ მაქვს, თუმცა ცხოვრება დინამიკურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - გვითხრა მაღრაძემ.

ის, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობაში, შესაძლოა, ცვლილება მოხდეს, არ გაჰკვირვებიათ პოლიტოლოგებს. უფრო მეტიც, დაგვიანებულადაც კი მიაჩნიათ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, განათლების მინისტრი კვირიკაშვილს არჩევნებამდე უნდა შეეცვალა, რადგან მთავრობის ამ შემადგენლობაში ჯეჯელავა ყველაზე სუსტი რგოლია.

"შეეხება თუ არა სამთავრობო ცვლილება ჯეჯელავას, ძნელი სათქმელია. რადგან "ქართული ოცნებისთვის" მისი განცხადებები, დიდი ხანია, პრობლემურია, წესით, კვირიკაშვილს არჩევნების წინ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რომელიც მოსახლეობის მხრიდან პოზიტიურად იქნებოდა აღქმული.

"ჯეჯელავა არ არის "ქართული ოცნების" საუკეთესო ვარიანტი. შესანიშნავი პროფესიონალია, მაგრამ, როგორც ჩანს, პრობლემის გადაწყვეტაში რა არის პრიორიტეტი კარგად არ ესმის.

"რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, ჯერჯერობით მაგაზე სუსტ რგოლს ვერ ვხედავ. შეიძლება თავის დროზე კითხვები არსებობდა შს მინისტრთან ხანძრებთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მღებრიშვილმა ამას თავი გაართვა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებმა გმირულად იმუშავეს.

"საზოგადოება მგრძნობიარეა ჯანდაცვის სფეროს მიმართ, თუმცა ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, უარყოფითად არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, სასაყვედურო არაფერია. საგარეო კუთხით და თავდაცვასთან დაკავშირებით ვხედავ, რომ მუშაობენ მინისტრები, რაღაც ფორუმი იყო, სამიტი გაიმართა და უკმაყოფილო არავინ წასულა. ასე რომ, სხვა მინისტრებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს კვირიკაშვილი, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა საყვარელიძემ.

ჯეჯელავას შესაძლო შეცვლას ასევე დაგვიანებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც.

"ჯეჯელავას შეცვლა დაგვიანებულიც არის, ისევე როგორც ნარმანიასი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა. ის, რომ განათლების მინისტრი შესაცვლელია, შეუიარაღებული თვალითაც ჩანს. მით უფრო მისი ბოლო პროექტი ვაშლებთან დაკავშირებით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ამორალურია. რა დააშავეს დანარჩენმა ბავშვებმა?!

"ეს კორუფციაზე მიუთითებს. ჩვენი ქართული, მამაპაპური გამოცდილებით, 100%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაცამ ამაზე ხელი მოითბო. შეიძლება ჯეჯელავამ არა, მაგრამ სხვამ.

"ყველა ყველა, მაგრამ განათლების მინისტრი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. თუმცა კვირიკაშვილმა ორჯერ დაგვცინა. ერთხელ, ჯეჯელავა მინისტრად რომ დანიშნა და მეორედ - ვიცე-პრემიერად დააწინაურა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვითონ კვირიკაშვილიც ბევრად არ განსხვავდება ჯეჯელავასგან.

"ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ისიც არ გამიკვირდება, ხვალ კვირიკაშვილის ნაცვლად ჯეჯელავა დანიშნონ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ცინცაძე.

მისივე თქმით, ზოგადად, ასეთი ცვლილება ნიშნავს, რომ "ძველ ტიკში ახალ ღვინოს ასხამენ", თუმცა რა იქნება ამის მარგი კოეფიციენტი, წინასწარ უჭირს პასუხის გაცემა.

"ჩემი აზრით, ჯეჯელავასთან ერთად სახლში უნდა გაუშვან ქეთევან ციხელაშვილი. საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს შერიგების სამინისტრო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია. ჩვენ მხოლოდ რაღაც მცდარ სიგნალებს ვუგზავნით აფხაზებს.

"დანარჩენზე ვერ გეტყვით, გააჩნია, ვის ვისით შეცვლიან. თუ ისე გამოვიდა, რომ თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, რა მნიშვნელობა აქვს?! "ქართული ოცნების" ყველაზე სუსტი რგოლი ისაა, რომ მას საერთოდ არ აღმოაჩნდა სათადარიგოთა სკამი. კადრების კრიზისი აქვს, იმიტომაც ჰყავს თანამდებობაზე კოსმოსიდან მოვლენილი პიროვნებები. ზოგადად კი, ამ ცვლილებით ხდება ძველ ტიკში ახალი ღვინის ჩასხმა. შედეგებზე მოგვიანობით ვისაუბროთ", - გვითხრა ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×