დღეს, 21 ოქტომბერს, 64 საარჩევნო ოლქში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება - ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე შეწყდება, პირველადი შედეგებიც ეგზიტპოლების სახით ამ დროს გამოქვეყნდება და, ქართული არჩევნების ერთგვარი ტრადიციისამებრ, შედეგებზე პირველი სპეკულაციაც ამ დროიდან დაიწყება.
ცესკო კი პირველადი წინასწარი შედეგების გამოცხადებას, დიდი ალბათობით, ღამის 11 საათის შემდეგ დაიწყებს.
გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, ვინც არჩევნებში ხმათა, მინიმუმ, 50% პლუს ხმას მიიღებს. ამიტომაც დიდია ალბათობა, რომ საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური დაინიშნება.
წინასწარი განწყობით, სამოქალაქო სექტორის ძირითადი რესურსი, სავარაუდოდ, მიმართული იქნება მარნეულში, ასპინძაში, გორსა და ოზურგეთში - იმ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა.
ყველა არჩევნების ტრადიციისამებრ, წელსაც იყო საბიუჯეტო რესურსების გამოყენება, ფიზიკური დაპირისპირება, მუქარა სამსახურიდან ოჯახის წევრების გაშვებაზე, ზოგიერთ ოლქში ოპოზიციური კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, წელს დარღვევები იყო შედარებით მცირე და წინასაარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ამ წინასაარჩევნო პროცესში ოპონენტებთან ომის ერთი ახალი ტენდენციაც დამკვიდრდა - "ფეისბუქის" ორგანიზებულად გამოყენება როგორც აგიტაციისთვის, ასევე ოპოზიციური კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ძირითადად ეს თბილისს ეხება. არასამთავრობოების თქმით, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობდა "ფეისბუქის" სხვადასხვა გვერდის მეშვეობით, რომლებიც ძირითადად ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციას დასპონსორებული პოსტების საშუალებით ავრცელებდნენ.
წინასაარჩევნო აგიტაცია და რეკლამა პარასკევს ღამის 12 საათზე შეწყდა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა, პარტიული სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით, პარტიული სიმბოლიკით გამოჩენა აკრძალულია. აღნიშნული ქმედება დაჯარიმებას ითვალისწინებს.
კენჭისყრის დასრულებამდე აკრძალულია ტელევიზიისა და რადიოს ეთერში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
აგიტაცია აკრძალულია, თუმცა, როგორც ყველა წინა ქართულ არჩევნებზე, საარჩევნო უბნებთან დღესაც ძალიან ბევრი იქნება პარტიული კოორდინატორი ფურცლებით ხელში, სადაც პარტიის მხარდამჭერების სავარაუდო სია აქვთ ჩამოწერილი. მართალია, პარტიული აგიტაცია აკრძალულია, თუმცა კოორდინატორები მაინც ახერხებენ, პარტიის სავარაუდო მხარდამჭერებს "ჩუმად შეახსენონ," ვის უნდა მისცენ ხმა, შემდეგ კი ფურცლებზე ჩაინიშნავენ, რამდენი სავარაუდო ხმა მოაგროვეს და მათი მხარდამჭერებიდან ვინ არ მივიდა არჩევნებზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.
მერობისთვის ბრძოლაში ჩართულია 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობაა - 4 727. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობაა - 12 902.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, 3 644 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. გარდა ამისა, 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში. ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბნები არ გაიხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს.
საარჩევნო პროცესს დააკვირდება: საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 641 და 29 საერთაშორისო ორგანიზაციის 581 დამკვირვებელი.
ცესკო წინასწარ მონაცემებს გამოაცხადებს 23 საათის შემდეგ. მანამდე კი, ღამის 8 საათზე, გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები, რომელსაც ორი ტელევიზია - "იმედი" და "რუსთავი 2" ატარებენ. როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას იყო განსხვავებული ეგზიტპოლები, მოლოდინია, რომ ასევე იქნება წელსაც.
შს სამინისტრო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს პოლიცია 3 634 უბანზე იქნება მობილიზებული. ამ გადაწყვეტილების მიზანი პრევენციაა, რათა არ მოხდეს რაიმე შეხლა-შემოხლა და დროულად აღიკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია.
პოლიტოლოგების შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესი იყო მდორე. ისინი არჩევნების დღეს ლოკალურ გამწვავებას და ლოკალურ სიურპრიზებს ელოდებიან, მაგრამ ისეთ პრობლემებს არა, რაც ქვეყანაში რაიმე სახის კრიზისს შექმნის. ექსპერტების თქმით, ამ არჩევნების მთავარი ინტრიგაა, იქნება თუ არა მეორე ტური თბილისში.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ამ არჩევნებით დასრულდა ის ტენდენცია, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა - დღეს პოლიტიკური ელიტა მთლიანად გაკოტრებულია და ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის დისტანცია ძალიან გაზრდილია, ამიტომაც წინასაარჩევნო პროცესიც იყო მდორე.
"პარტიებს ნატურალური ამომრჩეველი არ ჰყავთ და ხალხი ხმას იმას მისცემს, ვინც ამაში გადაიხდის. მაინცდამაინც ფულზე არ მაქვს ლაპარაკი, გადაიხდის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, გზა დაუგონ.
"ამომრჩეველი მზად არის, გაიყიდოს და ის მიეყიდება იმას, ვინც მეტს გადაიხდის, მეტს კი, რა თქმა უნდა, იხდის ხელისუფლება. წინასაარჩევნო პროცესსაც დაეტყო ეს და ამიტომ არ იყო დრამატიზმი. დრამატიზმი არის მაშინ, როდესაც რეალური ალტერნატივა არსებობს," - მიიჩნევს ხუხაშვილი.