(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები უბნებზე იმყოფებიან, საარჩევნო კომისიის წევრებს თავზე ადგანან და ამომრჩევლების პირად ნომრებს იწერენ.
ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიზანია, რომ ადმინისტრაციულ რესურსზე ზეწოლა მოახდინონ.
„თბილისში არჩევნები პრაქტიკულად წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს. ასეთი დარღვევა უპრეცედენტოა და არც ერთი არჩევნების დროს არ დაფიქსირებულა. „ქართული ოცნების" პარტიული წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე იმყოფებიან, „ბოქაულებივით" ადგანან თავზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. აქამდე ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებზე. ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია „ქართული ოცნების" მიერ", - ამბობს ბეჟაშვილი.
კიდევ ერთი დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით დუშეთის #13 უბანზე დაფიქსირდა. ბეჟაშვილის თქმით, ამ დრომდე არ არის შესული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენები და პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
„კონკრეტულად ამ უბანზე ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველი და კონკრეტული საჩივარი უკვე დაწერილია", - დასძინა ბეჟაშვილმა.