(რეზონანსი) 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"„ბმვ"-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. ამ ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.
„აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.
„ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.