(რეზონანსი) "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დილიდან დაფიქსირდა, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალებების ყალბი აკრედიტაციებით და საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ.
მდინარაძემ ბრიფინგზე ასეთი მედიასაშუალების წარმომადგენლის საბუთებისთვის გადაღებული ფოტოსურათებიც წარადგინა.
„მაგალითად, ქალაქ თელავში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების" წარმომადგენელს ავტომანქანიდან ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოვითხოვოთ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული მკაცრი ზომები", - განაცხადა მდინარაძემ.
„ყველას ვთხოვ, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას, რასაც ისინი მთელი დღის განმავლობაში აკეთებენ", - დასძინა მდინარაძე.
მდინარაძემ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.