(რეზონანსი) თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას" სავარაუდოდ 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება. ცესკოს წინასწარი, 11:00 საათის მონაცემების მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული 25 ადგილიდან, „ქართულ ოცნებას" 15 ადგილი შეხვდება, „ნაციონალურ მოძრაობას" ხუთი, „ევროპულ საქართველოს" ორი, „პატრიოტთა ალიანსს" კი ერთი.
„ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ ნაწილის,15 ადგილის გარდა, თბილისის 25-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, ამიტომ დედაქალაქის 50-კაციან საკრებულოში მმართველი პარტია, სავარაუდოდ, 40-კაციანი უმრავლესობით შევა.
თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების მანდატებში გადათვლა სპეციალური ფორმულით ხდება და მას "საარჩევნო კოდექსის" 162-ე მუხლი განსაზღვრავს.
პარტიების მიერ არჩევნებზე პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობაზე (თბილისში 25, სხვა მუნიციპალიტეტებში 15) და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამურ რაოდენობაზე, რომლებმაც 4%-იანი ბარიერი გადალახეს.