(რეზონანსი) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვირვებით, თბილისში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა.
„დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით 2/3 რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩეველების აღრიცხვას უკავშირდებოდა. დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა" , - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა" საბოლოო ანგარიშში აღნიშნავს,რომ ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვა გამოიხატებოდა პარტიების წარმომადგენლების მიერ სამაგიდო სიებიდან მისული ამომრჩევლების პირადი მონაცემების შეგროვებასა და აღრიცხვაში. ორგანიზაციის დაკვირვებით, ასეთი ქმედებები თბილისის თითქმის ყველა უბანზე დაფიქსირდა. მათი თქმით, ამ მხრივ ძირითადად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა" და „მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნულ დარღვევაზე ცესკო-ს რეაქციასაც აფასებს. მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, არასწორია.
„წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ბევრ საარჩევნო უბანზე შეიმჩნეოდა კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული კითხვები კვლავ რჩება და ამ მხრივ წლების განმავლობაში დადებითი ძვრები არ შეიმჩნევა" , - ვკითხულობთ სადამკვირვებლო ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.