რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტეინი შესაძლოა ამერიკის რეჟისორთა გილდიიდან გარიცხონ. მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი სკანდალში გაეხვა, გილდიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ამერიკის რეჟისორთა გილდია გმობს სექსუალურ ძალადობას. ტოლერანტობა ძალაუფლების ასე ბოროტად გამოყენების დროს გამორიცხულია. საქმე მხოლოდ ერთ ადამიანს არ ეხება. სექსუალური ძალადობის ფაქტები ჩვენს ინდუსტრიაში საკმაოდ გავრცელებულია" , - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა „Variety"-ის ცნობით, ამერიკის რეჟისორთა გილდიამ ჰარვი ვაინშტეინის გასარიცხად, შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - „The New York Times"-მა და „The New Yorker"-მა.

ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ. პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×