რეზონანსი
22.10.2017

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. უკვე დათვლილია ოცივე საარჩევნო უბნის შედეგები და მეჭიაურს 3077 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ქიტესაშვილს 3076. თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების" კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს 1 ხმით მოუგო. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევაა, როცა მერის არჩევნებში „ქართული ოცნება" პირველივე ტურში დამარცხდა.

როგორც მეჭიაურმა „ნეტგაზეთს" განუცხადა, მან არჩევნები უფრო მეტი ხმით მოიგო, თუმცა იმ ოქმებით, რომლის დაცვაც მოახერხა, 1 ხმით იგებს.

„ყოველ წუთს რაღაცას თვლიან. რეალურად ერთი ხმით ვიგებთ. შემდეგ შეცვალეს საოლქო კომისიაში. მთელი ამბავია აწეული. ძალიან ღიად ჩანს ეს ყველაფერი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან ოქმზე ხელის მოწერაზე და არ გამოვრიცხავ, რომ უკან დაიხიონ" , - უთხრა ნეტგაზეთს მეჭიაურმა.

თიანეთის საარჩევნო ოლქში სულ 10777 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა 6198-მა ამომრჩეველმა (57.51%) მიიღო. თიანეთში მერის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა. მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

თავდაპირველად თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების" წევრი და ამ პარტიის რიგებში პარლამენტის დეპუტატიც იყო, თუმცა შემდეგ მისი და მმართველი პარტიის გზები გაიყო და მეჭიაურმა თავისი პარტიაა დააფუძნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×