(რეზონანსი) „„ქართულმა ოცნებამ" ეგზიტპოლს საზეიმო სტატუსი მიანიჭა. „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლს ჰქონდა მეორე დატვირთვაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას უთხრა,რომ ჩვენ კვლავ ვართ მეორე ადგილზე და ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა" , - ამის შესახებ ჟურნალისტმა, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
„ფაქტობრივად ორივე „ისტებლიშმენტური" პოლიტიკური ძალაა, ერთი ყოფილი სახელისუფლებო და მეორე მოქმედი. ისინი პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევენ,რომ სხვა რაიმე პოლიტიკური სუბიექტი გამოჩნდეს და მითუმეტეს ცალკე აღებული ერთი ადამიანი,რომელსაც აქვს ნდობის მაღალი ვოტუმი. ალეკო ელისაშვილს აქვს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა" , - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.
ზვიად ქორიძე მიიჩნევს,რომ მეორე ტურის დანიშვნის შანსი რეალური იყო, მაგრამ ამას ხელი საარჩევნო სუბიექტებს შორის ფინანსურმა დისბალანსმა შეუშალა.
„მეორე ტურის შანსი არ იყო მხოლოდ ჰიპოთეტური,ეს იყო აბსოლუტურად რეალური. ამის საფუძველი იქნებოდა მოსახლეობის თავისუფალი ნება და მეტნაკლებად ფინანსური ბალანსი საარჩევნო სუბიექტებს შორის" , - განაცხადა ზვიად ქორიძემ.