(რეზონანსი) დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჯონ კენედის მკვლელობის საქმის საიდუმლო მასალები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ამის შესახებ მან „Twitter"-ზე დაწერა. შესაბამისი მიმართვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იუსტიციის დეპარტამენტს უკვე გაუგზავნა.
"დამატებითი ინფორმაციის მიღების პირობით, მე, როგორც პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედის შესახებ, ამდენი ხნის განმავლობაში დაბლოკილი და გადამალული დოკუმენტების გამომჟღავნების უფლებას ვიძლევი" , - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
გრიფი საიდუმლო 3 ათასზე მეტ დოკუმენტს მოეხსნება. გარდა ამისა, მომავალ კვირას საქმის მასალების გასაჯაროებაზე დაწესებული შეზღუდვის ვადაც იწურება. ეროვნულმა არქივმა დოკუმენტაციის ნაწილი რამდენიმე წლის წინ გაასაჯაროვა, თუმცა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ამ დრომდე გრიფით საიდუმლო ადევს.1992 წელს, ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად კენედის მკვლელობაზე მასალები 25 წლის შემდეგ გასაჯაროვდებოდა. კანონს უფროსმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი.
ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში სნაიპერმა მოკლა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ლი ჰარვი ოსვალდი, იმ დღესვე დააკავეს, თუმცა, ორ დღეში, ეტაპირების დროს ისიც მოკლეს.
„Politico"-ს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ კენედის მკვლელობის შესახებ არქივი შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაჩნდა. ზოგიერთი მასალა 1990 წლით არის დათარიღებული.