მეორე ტური თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის გარდა კიდევ 5 ქალაქში ჩატარდება, სადაც მერის გამოვლენა პირველ ტურში ვერ მოხერხდა. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მეორე ტურით, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. სხვაგან ყველგან, ერთი გამონაკლისის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი გადალახა და უკვე გაიმარჯვა.
აყველაზე დრამატული კი არჩევნები თიანეთში გამოდგა, სადაც "ოცნების" ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური მერობაზე იყრიდა კენჭს.
"ქართულ ოცნებას" რთული მდგომარეობა ბორჯომსა და ოზურგეთში აქვს, სადაც პირველ ტურში მათმა კანდიდატმა მხოლოდ მინიმალური სხვაობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულს.
უფრო კონკრეტულად კი ოფიციალური შედეგები ასეთია:
ყაზბეგი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,61%, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,88%.
ხაშური: "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 41,54%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 18.59%.ბორჯომი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40.54%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე 40.23%.
ოზურგეთი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 43.38%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 41,76%.
მარტვილი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია - 35,81%.
ცნობისთვის, ხაშურის დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა "ქართული ოცნების" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ წევრთა ჯგუფმა.ნოზაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან". 2017 წელს კი აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანება "ქართული მარშის" ღონისძიებებში.
რაც შეეხება ბორჯომს, "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან ლიპარტიას ყოფილ თანაგუნდელთან გაუჭირდა გამარჯვება.
ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იყრიდა კენჭს, 2014 წელს იყო "ქართული ოცნების" წევრი და 3 წლის განმავლობაში ადგილობრივ საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა.
ყველაზე საინტერესოდ კი მოვლენები თიანეთში განვითარდა, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატ ლელა ქიტესაშვილის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ექსდეპუტატი თამაზ მეჭიაური იბრძოდა.
გუშინდელი საღამოს მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მეჭიაურთან 1 ხმით დამარცხდა, თუმცა მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ეს მონაცემები კიდევ შეცვალონ, რადგან გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში თიანეთში ლიდერი 3-ჯერ შეიცვალა.
მაგალითად, თიანეთის 20 უბნიდან 17 უბნის მონაცემებით, რომელიც ცესკოს საიტზე დილით გამოქვეყნდა, იგებდა მეჭიაური 54.4%-ით, ლელა ქიტესაშვილს კი 45.56% ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლელა ქიტესაშვილი მეჭიაურს 4 ხმით უგებდა. რამდენიმე საათში კი ცესკოს ვებგვერდზე ასეთი მონაცემები დაიდო: თამაზ მეჭიაური - 50.01% (3 077 ხმა), ლელა ქიტესაშვილი - 49.99% (3 076 ხმა). დღის ბოლოს მონაცემები კიდევ ერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ ასეთი შედეგი დაიდო: თამაზ მეჭიაური - 49.97% (3 077 ხმა), ლელა ქიტესაშვილი - 50.03% (3 081 ხმა).
"საოლქო კომისია თავის სიყალბეში ვეღარ გაერკვა. ასე რომ, შეიძლება კიდევ შეცვალონ. თუ მათზე არ იქნება სერიოზული ზემოქმედება, რომელიც სამართლიანობისკენ მოუწოდებს, ესენი გააგრძელებენ თაღლითობას. ამის თავი და თავი არის ქუცნაშვილი - ყველაზე დიდი პარაზიტი, რომელიც ჰყოლია ამ რაიონს.
"გუშინ ღამე ჩემ გამო სპეცრაზმი შეიყვანეს საოლქოში. ჩემი წარმომადგენელი როცა მივიდა შემაჯამებელი ოქმის ასაღებად, არ შეუშვეს. 2-3 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ შენობაში შესვლის უფლებას. ხოლო როცა ჩავრიე ყველა, ვინც შეიძლებოდა, ჟვანიასაც დავურეკე ორჯერ, მერე შეუშვეს.
"მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები სამჯერ გვქონდა დათვლილი, გვითხრეს, რომ თითქოს შეეშალათ და მე კი არა, ლელა ქიტესაშვილი იგებდა. გაბათილებული ხმები დაუმატეს და ისე ამარჯვებინებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მეტი ვეღარ გაბედეს. თუმცა, ვნახოთ, ალბათ კიდევ რამეს მოიფიქრებენ", - უთხრა "მთელ კვირას" მეჭიაურმა იმ პერიოდში, როდესაც, ცესკოს ვებგვერდის მონაცემებით, იგი არჩევნებს 1 ხმით იგებდა.
ცესკოში თიანეთის მონაცემების ცვლილებას ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შედეგებით ხსნიან. მათი ცნობით, ბათილად ცნობილ ბიულეტენებში 5 აღმოჩნდა ისეთი, სადაც ამომრჩეველს თავისი არჩევანი გამოხატული ჰქონდა და მათი ბათილობა სადავო იყო. ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ცალ-ცალკე განიხილა ეს ბიულეტენები და კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 5-ვე ნამდვილად ცნო.
არჩევნების შედეგებს დემოკრატიული პროცესის ნაწილად აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გუგული მაღრაძის თქმით, შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა არ არის.
"ეს მარცხი არ არის. ეს არის ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენა. მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის პროცესის მაჩვენებელი. ჩვენი ხელისუფლება იყო ერთადერთი ძალა, რომელმაც 50%-იანი ბარიერი შემოიღო. ჩვენ გვინდა, მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ ვინც აირჩია ქალაქის მერად ან რაიონის გამგებლად, მას ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი უნდა უჭერდეს მხარს.
"ეს შედეგები ნიშნავს, რომ მმართველ ძალას ადამიანები ენდობიან, მაგრამ, ამასთან, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ არჩევანი სხვა პარტიების მიმართ. იცით, არჩევნებში 12-13 პარტია მონაწილეობდა და ეს ხმები გადანაწილდა დანარჩენებზე, ამიტომ დააკლდა ჩვენს კანდიდატებს 2-3%.
"არაფერი საგანგაშო არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის ერთპარტიული დიქტატი. ჩვენთან არჩევნები ძალიან ნორმალურ რელსებზე მიდის, არაფერი სერიოზული დარღვევა არ ყოფილა, ყველგან მიდიოდა მშვიდად და დემოკრატიულად", - გვითხრა მაღრაძემ.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, პარტიისთვის ეს არის ძალიან კარგი, ნორმალური შედეგები, რაც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ პიროვნული ფაქტორიც მუშაობს. ჩვენ შევარჩიეთ პიროვნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს თავისი თვისებებით თუ წარსულით ცოტა უფრო მეტი ხალხი უჭერს მხარს, ვიდრე ჩვენს კანდიდატს.
"გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ოცნებას" სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, თორემ წინაზე უფრო მეტი მეორე ტური იყო. არჩევნებს შორის ცოტათი იკლებს ხელისუფლების რეიტინგი, მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველას თავისი პრობლემა აქვს. თუმცა როცა არჩევნები მოდის, ყველა აცნობიერებს, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რას უნდა ველოდოთ სხვა პარტიებისგან და ძალიან ჯანსაღ არჩევანს იღებენ.
"პარტიისთვის ეს არის ძალიან კარგი, ნორმალური შედეგები, რაც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. მაჟორიტარობასთან დაკავშირებით კი პიროვნული ფაქტორი თამაშობს დიდ როლს", - უთხრა "მთელ კვირას" მაღრაძემ.