(რეზონანსი) თბილისი არის ძალიან რთული ქალაქი, თბილისის მერობა პოლიტიკოსისთვის შეიძლება ტრამპლინიც იყოს და შესაძლოა პოლიტიკური ჭაობიც, სადაც ჩაიძირები, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მისი თქმით, კალაძისთვის მერობა პოლიტიკური მწვერვალი არ არის და ის ქალაქისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთებას აუცილებლად ეცდება.
"რამდენად გაართმევს თავს ცოტა რთული საკითხია, რადგან თბილისში არის უამრავი პრობლემა. თბილისი არის ძალიან რთული ქალაქი და თბილისის მერობა პოლიტიკოსისთვის შეიძლება ტრამპლინიც იყოს და შესაძლოა პოლიტიკური ჭაობიც, სადაც ჩაიძირები. კალაძე უფრო პოლიტიკოსია და აქვს გამოცდილება - არის პარტიის გენერალური მდივანი, მას აქვს ამბიცია და მერობას არ თვლის პოლიტიკური კარიერის მწვერვალად. შესაბამისად, მცდელობა პოზიტიურის გაკეთების აშკარად ექნება. ის არ იქნება ისეთივე ნელი როგორიც იყო ნარმანია, იგი გაცილებით აქტიური იქნება. კალაძე ალბათ იმავე სტილში გააგრძელებს თავის მოღვაწეობას თბილისის მერის პოსტზე, როგორი საარჩევნო კამპანიაც ჰქონდა, აგრესიულ და აქტიურ სტილში.
"იქნება თუ არა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი? - ოთხ წელიწადში თბილისის რეალური შეცვლა შეუძლებელია, მთავარია სწორ გზაზე დადგეს და იმედი გაჩნდეს, რომ თბილისში რაიმე სასიკეთოდ იცვლება. ეს თუ შეძლო, ჩავთვლი, რომ ღირსეული მერობა გაუწია თბილისს", - განაცხადა ძაბირაძემ.