ერთადერთი პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც “ოცნება” პირველივე ტურში მარცხდებოდა, ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა
გვანცა ღვედაშვილი
23.10.2017

 თვითმმართველი თემის, თიანეთის მერის არჩევნების შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ერთადერთი პრეცედენტი კი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” პირველივე ტურში მარცხდებოდა, ცესკოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. 

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა და აღნიშნულს სასამართლოში გაასაჩივრებს. უმრავლესობის ნაწილის აზრით, ეს ფაქტი გაურკვევლობაა და კითხვის ნიშნებს აჩენს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესის მანიშნებელია.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის 20 უბნიდან 17 უბნის მონაცემებით, რომელიც ცესკოს საიტზე არჩევნების მეორე დღეს დილით გამოქვეყნდა, 54.4%-ით, მეჭიაური იგებდა, ხოლო “ოცნების” კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს 45.56% ჰქონდა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ლელა ქიტესაშვილი მეჭიაურს 4 ხმით უგებდა. რამდენიმე საათში კი ცესკოს ვებგვერდზე ასეთი მონაცემები დაიდო: თამაზ მეჭიაური - 50.01% (3 077 ხმა), ლელა ქიტესაშვილი - 49.99% (3 076 ხმა). დღის ბოლოს მონაცემები კიდევ ერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ ასეთი შედეგი დაიდო: თამაზ მეჭიაური - 49.97% (3 077 ხმა), ლელა ქიტესაშვილი - 50.03% (3 081 ხმა).

თამაზ მეჭიაურმა აღნიშნულ პროცესს, ხალხის აზრის “გაუპატიურება” უწოდა და განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ფარულად მოახდინა ხმების გადათვლა, ბათილი ბიულეტენები მიათვალა და ახლა ამბობენ, რომ ბათილ ბიულეტენებში ქიტესაშვილის მხარდამჭერი ბიულეტენები შეცდომით მოხვდა. 

”აშკარა დანაშაული იქნა ჩადენილი, ამას უკვე გაყალბებასაც ვერ დავარქმევთ. ეს არის, ბოდიშით და ხალხის აზრის და გადაწყვეტილების გაუპატიურება სახალხოდ, ღიად და დაუფარავად. აიღეს ხუთი ბიულეტენი იმ კონვერტიდან, რომელშიც იყო დაცული ბიულეტენები. თანაც ამ პროცესს ჩემი მხარდამჭერები არ დასწერებიან, სპეცრაზმით იყო გარშემორტყმული საოლქო კომისია, ჩემს წარმომადგენელს არ მისცეს შიგნით შესვლის და თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. 

"კომისიის თავმჯდომარემ ფარულად მოახდინა ხმების გადათვლა და მას მიათვალა ბათილი ბიულეტენები. ახლა ამბობენ, რომ თურმე ბათილ ბიულეტენებში შეცდომით მოხვდა ქიტესაშვილის მხარდამჭერი ბიულეტენები. ეს ბიულეტენები რეალურად ჩაყარეს მანამდე, ვიდრე ჩემი წარმომადგენელი მივიდოდა იქ. ეს ცალკე დანაშაულია, ეჭვი აქვთ, რომ ხუთივე ერთი ხელით არის შემოხაზული, ამაზე მერე ცალკე მივმართავთ პროკურატურას, მაგრამ ეს ცალკე თემაა. 

“მაშინ, როცა მეოცე უბანი დაიხურა, იქ იყო 7 თუ 8 ბათილი ბიულეტენი, რომელიც საერთოდ სუფთა იყო, ამომრჩეველს არავინ ჰყავდა შემოხაზული, მაგრამ საოლქო კომისიაში უკვე არცერთი სუფთა ბიულეტენი აღარ არსებობდა. ეს ყველაფერი არის კრიმინალი. 

გაყალბებას ადასტურებს ისიც, რომ საოლქო კომისიის წევრების დიდმა ნაწილმა უარი უთხრა კომისიის თავმჯდომარეს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და ამიტომაც მან ერთპიროვნულად გამოსცა განკარგულება. მას ხელს აწერს ქუცნაშვილის ბიძაშვილი და ამ განკარგულებით მოახდინეს მთელი რაიონის გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, სასამართლოში შევიტანთ სარჩელს და თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მისი კონკურენტი, ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია, თითქოს თამაზ მეჭიაურმა არჩევნების შედეგები აღიარა.

”ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, - აღნიშნა მეჭიაურმა.

 როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში. აღნიშნული საჩივრით მოთხოვნილი იყო, მეოცე საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა.

 „კომისიამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, ხელახლა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები. მათი რაოდენობა იყო 24 და სადაო ბიულეტენი იყო ხუთი. გადათვლის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ხუთი სადაო ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის ნება ნათლად იყო გამოხატული. ამ პროცესს ესწრებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები.

 წინასწარი მონაცემებით თამაზ მეჭიაურს აქვს 49.97% და ლელა ქიტესაშვილს 50.03%. სხვაობა არის რამდენიმე ხმა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

თიანეთის მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი “ქართულ ოცნებაშიც” გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის შეფასებით, თიანეთის შემთხვევა არის გამონაკლისი, როცა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს. 

"ნამდვილად ეს არის გამონაკლისი, დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად. აქ ნამდვილად არის კითხვები დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთის მერის არჩევნების საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ გარკვეული ეჭვების არსებობისას სასამართლოს მიმართონ.

"თუ არსებობს ხარვეზები, ამისათვის არსებობს სამართლებრივი გზა. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია მიმართოს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს. მე ყველას ვურჩევ, თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართოს შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს",- განაცხადა კობახიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×