12 ნოემბერს კახა კალაძე თბილისის მმართველობას ოფიციალურად შეუდგება და ის მერიაში ახალი გუნდით მიდის. დედაქალაქის ახლად არჩეული მერი საკადრო ცვლილებებს უკვე აანონსებს.
კონკრეტული პირების ვინაობას კალაძე არ აკონკრეტებს, თუმცა უკვე სახელდება კონკრეტული გვარები. ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე, სავარაუდოდ, ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს.
ასევე საუბარია იმაზე, რომ მეორე ვიცე-მერის პოსტზე განიხილება გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე. საუბარია იმაზეც, რომ მერიაში, დიდი ალბათობით, თანამდებობას მიიღებენ ეკონომისტ-ურბანისტი ლაშა კვანტალიანი და მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტი თემურ ბოლოთაშვილი.
ოთხივე ეს ადამიანი კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები არიან და კალაძის საარჩევნო პროგრამის ავტორებიც. დადასტურებულად კი ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდება გიორგი ტყემალაძე.
რაც შეეხება ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატებს, უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის და გუნდში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის 50-წევრიან საკრებულოში, სავარაუდოდ, 40 მანდატი მიიღო - 25 მაჟორიტარული ოლქიდან ყველა მანდატი მოიპოვა და პარტიული სიიდან აიღო 15 მანდატი. ახალი საკრებულო ოქტომბრის მეორე ნახევარში შეიკრიბება. ასევე ამ დროს, 12 ნოემბრის შემდეგ შეუდგება დედაქალაქის მმართველობას კახა კალაძეც.
გუშინ ახლად არჩეულმა მერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. თქვა, რომ ნოემბრის მეორე ნახევრიდან უკვე ოფიციალურად დაიწყებს მერის უფლებამოსილების შესრულებას და უკვე დააანონსა, რომ მერიაში ახალი გუნდით მოდის - "იქნება საკადრო ცვლილებები, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები".
"თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, თუ ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მალე მოგახსენებთ", - კონკრეტული გვარები კალაძემ არ დაასახელა - "მე უკვე ვისაუბრე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები.
"სხვათა შორის, ძალიან ღია და გამჭვირვალე ვიქნებით მთელი 4 წლის განმავლობაში... საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, იქნება სტრუქტურული ცვლილებები. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იქნეს გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ."
ვიცე-მერობის სავარაუდო კანდიდატები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ შეთავაზების შემთხვევაში მზად არიან, მუშაობა თბილისის მერიაში განაგრძონ.
ირაკლი ხმალაძე, რომელიც ვიცე-მერის სავარაუდო კანდიდატად სახელდება, წლებია, ენერგეტიკის სამინისტროში კალაძის მოადგილე იყო. მან პოსტი წინასაარჩევნო პერიოდში დატოვა და მუშაობა კალაძის საარჩევნო შტაბში განაგრძო. მისი ავტორობით მომზადდა კალაძის საარჩევნო პროგრამაში ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების გეგმა. ის პროფესიით იურისტია.
ვიცე-მერობის მეორე სავარაუდო კანდიდატმა მაია ბითაძემაც, რომელიც გარემის დაცვის სამინისტროში მუშაობდა, თანამდებობა სექტემბრის შუა რიცხვებში დატოვა, მუშაობდა კალაძის შტაბში და მისი ავტორობით მომზადდა წინასაარჩევნო პროგრამაში თბილისის ეკოლოგიური განვითარების მიმართულება.
ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ის კალაძის გუნდის წევრია და მზადაა, იმ პოზიციაზე დადგეს, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის.
"მოადგილის პოზიციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება გამიჭირდება. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ კახას გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, შევასრულო ყველა ის ფუნქცია და იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის და, რა თქმა უნდა, ბატონი კახას გუნდისთვის.
"ამის დროც მოვა, როდესაც კახა კალაძე შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას და ეს, კანონმდებლობით, დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში უწევს, შესაბამისად, ბატონი კახა მიიღებს გადაწყვეტილებას გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და ეს თავის დროზე ყველასთვის ცნობილი გახდება", - ამბობს ხმალაძე.
თანამდებობის შეთავაზებას არ ადასტურებს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძეც.
"მთავარია, ეფექტიანად განხორციელდეს ის პროექტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნა წარდგენილი. ბუნებრივია, ამისთვის საყრდენი იქნება ის კომპეტენტური კადრები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ჩვენ ღია ვიქნებით ახალი და კომპეტენტური კადრების თვალსაზრისითაც", - ამბობს ბითაძე.
ვინ შეიძლება მერიაში ძველი სახეებიდან თანამდებობებზე დარჩნენ, უცნობია. თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა.
ლექვინაძისთვის უცნობია, რომელი მაღალჩინოსნები შეინარჩუნებენ თანამდებობას ახალი მერის მისვლის შემდეგ.
"ბუნებრივია, რომ ბატონ კახას ჰყავს თავისი გუნდი იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც მას აქვს და, ბუნებრივია, ის თავის გუნდთან ერთად განახორციელებს ამ პროექტებს. დაველოდოთ.
"მე ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები, მხარს დავუჭერ იმ თემების განხორციელებას, რასაც ბატონი კახა აპირებს თავის გუნდთან ერთად. სხვადასხვა პროექტზე, საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა. მხოლოდ ამ დონეზე. კონკრეტულად რამე შემოთავაზებაზე საუბარი არ გვქონია", - განაცხადა ლექვინაძემ.