ნინო ქეთელაური
24.10.2017

 "არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების მზაობა არსებობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ 2020 წლისთვის მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” წიაღიდან იქნება წარმოდგენილი”, - აცხადებს პოლიტოლოგი, მეცნიერ-ექსპერთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ კვესელავა “რეზონანსთან” საუბრისას.

“რეზონანსი”: როგორ შეაფასებდით ჩატარებულ არჩევნებს?

იგორ კვესელავა: ველოდი იმ შედეგს, რაც არჩევნებზე დაიდო. მე თქვენთან საუბრისას ადრეც აღვნიშნე, რომ თბილისის მერობაზე არავითარი მეორე ტური არ იქნებოდა. იმიტომ, რომ თვითონ ქალაქში შექმნილი ვითარება იყო ამის მომასწავებელი და ამასთანავე, იმ დროისთვის არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის სადავეებს აიღებში ხელში. კალაძე კი გახლავთ დამოუკიდებელი ფუგურა, რომელიც, მართალია “ქართული ოცნებიდანაა” წარმოდგენილი, მაგრამ მოსახლეობაში არის იმის იმედი, რომ ის დამოუკიდებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც დედაქალაქს  და მოსახლეობას სჭირდება.

მართალია, ელისაშილი მეორე ადგილზე გავიდა და ღირსული კონკურენცია გასწია, მას პიარ-კამპანიისთვის შესაბამისი რესურსიც არ ჰქონდა, თუმცა, მას მერობისთვის კიდევ ძალიან ბევრი თვისება აკლია. ეს არის ის თანამდებობა, რომელიც პრემირ-მინისტრის პოსტსაც კი არ ჩამოუვარდება. 

“რ”: შედეგებს თუ გადავხედავთ, “ქართული ოცნების” რეიტინგმა რეგიონებში საკმაოდ დაიწია. ამის გამო არსებობს ვარაუდი, რომ რაც დრო გავა, მმართველ გუნდს სულ უფრო გაუჭირდება არჩევნების მოგება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ი.კ: უნდა დავეთანხმო ამ მოსაზრებას, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ენდობა არც “ქართულ ოცნებას” და არც ოპოზიციას. თუმცა, ამ შემთხვევაში მაინც მმართველი გუნდისკენ უფრო გადაიხარა და მას სრული გამარჯვება მოაპოვებინა. შემდეგ მოდის საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ისევ “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყარი პარტიის მომხრეა, ხოლო მესამე ნაწილია ის, ვინც არცერთს არ უჭერს მხარს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება მოსაზრება, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების მზაობა არსებობს. შესაბმისად, ლოგიკურია რომ 2020 წლისთვის მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გარკვეულწილად იქნება “ქართული ოცნების” წიაღიდან, მაგრამ არა ოპოზიციიდან.

“რ”: რამდენად რეალურია, რომ “ოცნების წიაღიდან” ჩამოყალიბებული ახალი ძალის ლიდერი სწორედ კახა კალაძე იყოს?

ი.კ: იქიდან გამომდინარე, რომ კალაძე არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელმაც ყველაფერი თავისი შრომით შექმნა, სრულიად შესაძლებელია, რომ მან ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც არ დაუპირისპირედება ხელისუფლებას, მაგრამ თავისი განსხვავებული ხედვა ექნება.

ეს საჭიროა კიდეც, რადგან მთავრობაში არის ზოგიერთი მინისტრი, რომელიც გაუკვეველ აზრებს აფრქვევს, მერე ამას ატრიალებენ საზოგადოებაში, რაც აზარალებს მთავრობას. მინისტრებმა ასეთი გამოთქმებისგან თავი უნდა შეიკავონ. ახლა არ მინდა კონკრეტული მინისტრების დასახელება, მაგრამ ისინი პრობლემას უქმნიან ყველას, დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით. ამიტომ, როდესაც საკუთრი გუნდისთვის კადრებს არჩევენ, ის ყველა კრიტერიუმით უნდა აკმაყოფილებდეს მინისტრის სტატუსს.

დრო დადგა, რომ ხელისუფლებაში მონაცვლეობით მოდიოდეს 2-3 პარტია, ისევე როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლების პერიოდული განახლებით, ახალი ცოცხის პრინციპი ამოქმედდეს, რაც საკმაოდ კარგად მუშაობს.

ღმერთმა ნუ ქნას, რომ სულ “ქართული ოცნება” იყოს ხელისუფელბაში, ის იქნება ქვეყნის რეგრესი და სამოქალაქო საზოგადოების განვითრების შეჩერება.

სხვათაშორის, ამ თვალსაზირისით ძალიან საინტერესო იქნება კალაძის მერობის 100 დღე როგორ ჩაივლის და რის გაკეთებას მოახერხებს. მართალია, ეს ძალიან მცირე დროა იმ დიდი პროექტებისთვის, რაც გაწერილია პროგრამაში, მაგრამ პირველადი შეფასებისთვის ეს საკმარისი იქნება.

“რ”: როგორც არჩევნებმა აჩვენა, ხელისუფლებას ყველაზე დამაჯერებელი კონკურენცია დამოუკიდბელმა კანდიდატებმა გაუწიეს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

ი.კ: სწორედ რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ეს არის ამის მიზეზი. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ უნდა აღარც “ოცნება” და მითუმეტეს “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ, საზოგადოების ეს ნაწილი ცდილობს, რომ მესამე ძალა იპოვოს და დამოუკიდებელი კანდიდატები მიაჩნია გამოსავლად. ეს ძალიან საინტერესო მაგალითი და იმის ნიშანია, რომ 2020 წლისთვის შეიქმნება სხვა პოლიტიკური ვითარება და შესაძლოა, სრულიად მშვიდობიანი გზით ჩანაცვლდეს ხელისუფლება. თუმცა, აქ არ ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობით” ჩანაცვლებას, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. ამიტომ, იმ ძალამ რომელიც მოვა, მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლებიდან უნდა აიღოს კარგი მაგალითები და არა პარტიას, არამედ ქვეყნის განვითარებას მოახმაროს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×