ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით ნაკლები ბავშვია დაბადებული და აფხაზური მედია და დე ფაქტო ხელისუფლება დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხან.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ ლევან კიკნაძის განცხადებით, შობადობის შემცირება მხოლოდ 2017 წლის პრობლემა არ არის, აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, პრაქტიკულად, დემოგრაფიული უფსკრულისკენ მიექანებიან და 10-15 წელიწადში აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ტრაპში აცხადებს, 2000 წლიდან დღემდე, შობადობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა და ის ჯანდაცვის შესახებ კანონის გადახედვას ითხოვს.
მისი თქმით, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1 500-მდე ბავშვი დაიბადა, როცა 2016 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში, 2 000-ზე მეტი ახალშობილი დაფიქსირდა.
"2000 წლის შემდეგ შობადობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. პარლამენტის მიერ მიღებული აბორტების აკრძალვის კანონის მიზანი იყო, რომ შობადობა მომატებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. კანონმა კარგი ვერაფერი მოგვიტანა, პირიქით, ამ აკრძალვის გამო 2016 წელს ორი ქალი გარდაიცვალა," - ამბობს რიტა ტრაპში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მედიკოსები შობადობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებს ვერ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფეხმძიმეთა ნაწილი რუსეთში მიდის შვილის გასაჩენად, რადგან მათ "ორმაგი მოქალაქეობა" საშუალებას აძლევთ, დედებისთვის განკუთვნილი დახმარება მოიპოვონ.
აღსანიშნავია, რომ "ჯანდაცვის შესახებ" კანონში ცვლილება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა 2016 წლის იანვარში მიიღო და ის ძალაში თებერვალში შევიდა. კანონი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას მკაცრად კრძალავს და აბორტს დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ნაყოფი გარდაიცვლება. ასეთი მკაცრი აკრძალვის მთავარ მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის დემოგრაფიულ მდგომარეობას ასახელებდა. კანონის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაში აცხადებენ, რომ აბორტების მკაცრად აკრძალვამ შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოიტანა, კრიმინალური აბორტების რიცხვის გაზრდა, შობადობაზე კი ამას გავლენა არ მოუხდენია და ამიტომ კანონი გადასახედია.
საგულისხმოა ის, რომ წლებია, აფხაზეთში ერთ-ერთ პირველ პრობლემად დემოგრაფია სახელდება. შობადობის პრობლემებზე საუბრობს ყველა - მარიონეტული ხელისუფლება, აფხაზი მედიკოსები და საზოგადოება და ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრს მსჯელობენ, თუმცა, პარალელურად, თავად დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებში ეთნიკური აფხაზების რიცხოვნობა წლიდან წლამდე იზრდება.
აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობის მიერ, მოსახლეობის აღწერა ორჯერ ჩატარდა - 2003 და 2011 წლებში. ასევე მოსახლეობის აღწერა ჩატარებულია 1992-1993 წლების კონფლიქტამდეც, 1989 წელს.
წლების მიხედვით აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ასეთია: 1989 წლის აღწერით აფხაზეთში სულ 525 061 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ეთნიკურად აფხაზია 93 267 ადამიანი, მთელი მოსახლეობის 18%. მოსახლეობის უმეტესობას შეადგენს ეთნიკურად ქართველი 239 872 ადამიანი, მოსახლეობის 46%.
ეთნოწმენდის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 2003 წლის აღწერით, აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 215 272 ადამიანს, მათგან ეთნიკურად აფხაზია 94 606 (მოსახლეობის 44%); ეთნიკურად ქართველი - 45 953 (მოსახლების 21%);
2011 წლის აღწერით აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 240 705 ადამიანს. მათგან აფხაზია 122 069 (51%); ქართველი - 46 367 (მოსახლეობის 19%);
ე.წ. "რესპუბლიკის" სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობაა 243 564, ეთნიკურად აფხაზია 124 455 (51 %). დე ფაქტო ხელისუფლების "ოფიციალური" მონაცემებით, ბოლო წლებია, აფხაზეთის მოსახლეობა იზრდება და იზრდება ეთნიკურად აფხაზების რაოდენობაც. პარალელურად, აფხაზეთში რთული დემოგრაფიულ სიტუაციაზე თავად აფხაზები საუბრობენ.
ლევან კიკნაძის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემები ტყუილია და რეალურად აფხაზების რაოდენობა კი არ იზრდება, არამედ მცირდება და სწორედ ამიტომაცაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მუდმივად დემოგრაფიაზე წუხს.
მისი თქმით, სწორედ დემოგრაფიული სურათის გამოსასწორებლად დაიწყო სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მუჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლებაზე აქტიური მუშაობა და ამისთვის ფინანსებიც კი გამოყვეს. თუმცა მუჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლების პროგრამამ არ იმუშავა, დაახლობით 400-500 ადამიანი თუ იქნება აფხაზეთში დაბრუნებული, ბევრი უკან წავიდა კიდეც.
ლევან კიკნაძე: "აფხაზების რიცხოვნობა გაყალბებულია, ციფრები გაბერილია და ეს აფხაზების განცხადებებშიც აისახა. შობადობა იკლებს, მუდამ დემოგრაფიაზე საუბრობენ და ამ დროს სტატისტიკით აფხაზების რიცხოვნობა იზრდება. ეს ხომ აბსურდია?! ვიცით, რომ აფხაზეთში ომში ბევრი დაიღუპა, ასევე ბევრი წავიდა რუსეთში საცხოვრებლად, პლუს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა, მთელ რეგიონში შობადობა და მოსახლეობის რიცხოვნობა იკლებს და რაღაც აფხაზებმა მოიმატეს?! შობადობა იზრდება მხოლოდ მუსლიმანურ მოსახლეობაში და ამ დროს აფხაზები სტატისტიკაში როცა აჩვენებენ, რომ მათი რაოდენობა იზრდება, ეს არარეალურია. აფხაზების რაოდენობა ხელოვნურად მომატებულია."
მისი თქმით, შობადობის შემცირებას სხვადასხვა მიზეზი აქვს: "მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ეკონომიკური სიდუხჭირეა, ახალგაზრდობაში დიდია ნარკომანიისკენ მიდრეკილება, ბევრია ცე ჰეპატიტით დაავადებული, სურათი ძალიან მძიმეა, ქორწინებაც ნაკლებია."
კიკნაძე ამბობს, რომ "თუ ასე გაგრძელდა, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ - ყირიმიზაცია ელით."
"აფხაზეთში მალე მოიმატებს სომეხი და რუსული ეროვნების ხალხი და მათ ყირიმიზაცია ელით. მათ იციან, რომ დემოგრაფიული კატასტროფა აქვთ და ამიტომაც აქვთ ეს განგაში ატეხილი. ეს ერი კვდება," - დასძენს კიკნაძე.