(რეზონანსი) თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ახლადარჩეული საკრებულოს წევრებს შეხვდა.
კალაძის თქმით, საქმიანობას ოფიციალურად ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება, მანამდე კი თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა თანამებრძოლებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქალაქზე, მის გალამაზებაზე და მოწესრიგებაზე ვიზრუნოთ. ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოგვეცემა უფლებამოსილება, რომ საქმიანობას შევუდგეთ. თუმცა, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თითოეულმა ჩვენგანმა", - ამბობს კალაძე.
დედაქალაქის ახლადარჩეული მერმა საკრებულოს უმრავლესობას მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისკენ და მათი პრობლემების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
„მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოსახლეობასთან ურთიერთობა გქონდათ. მინდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ეს პრობლემები, რომელიც თქვენს რაიონებში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ან კონკრეტულ ოჯახებს აწუხებს, რომ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავს, რათა წინასაარჩევნოდ მომზადებული პროექტები გააცნოს.